700 დევნილი ოჯახი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტს მიიღებს

700 დევნილი ოჯახი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტს მიიღებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეთანხმების საფუძველზე, სამინისტრომ 810 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განცხადება გააკეთა. მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების შემოსავლის ზრდას, სასოფლო-სამურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესებას.

გრანტის ფარგლებში, სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ერთობლივად განახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს  - „მოწყვლად იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“.

პროექტის სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებიან:

•       მარტოხელა მშობლის ოჯახი მცირეწლოვანი შვილებით;

•       ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით;

•       25 წლამდე ახალგაზრდის მიერ მართული ოჯახი;

•       ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახი.

პროექტის ფარგლებში, დევნილებს შესაძლებლობა ეძლევათ ინვესტიციები განახორციელონ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში,  მათ შორის, მებოსტნეობაში, მეხილეობაში, მებოცვრეობაში, მესაქონლეობაში, მეფუტკრეობაში, შეიძინონ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაციის საშუალებები და ა. შ.

პროექტის ფარგლებში მინიმუმ 700 ბენეფიციარი დაფინანსდება, ხოლო თითოეული გრანტის მოცულობა, 2 500 ლარს შეადგენს. ასევე, შესაძლებელია ჯგუფური განაცხადის დაფინანსება, ერთ ჯგუფზე 5 000 ლარის ოდენობით. ჯგუფური განაცხადის გაკეთება შეუძლია მინიმუმ სამ დევნილს, რომელთაგან ორი მაინც ერთიანდება პროექტის სამიზნე ჯგუფში.

პროექტით დაინტერესებულ დევნილებს განაცხადების გაკეთება შეუძლიათ 4 ოქტომბრიდან სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის 15ა ). ასევე დევნილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალურ ოფისებში (აჭარისა და სამეგრელო -ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო - ქ. ზუგდიდი, ხუბულავას N6, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო - ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანო - ქ. გორი, შმაგის ქ. N1)

პროექტი  2017 წლის მაისის ჩათვლით გრძელდება.