სასტუმრო „რუმსში“ ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით - „თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად’’ გაიხსნა, რომელზეც მოხსენებით ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი გამოვიდა.
დეპუტატმა მოხსენებაში თბილისისთვის კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე, რეგიონალური შემოქმედებითი ცენტრის საჭიროებათა ანალიზზე და თბილისში ცენტრალური დაქვემდებარებისა და ანალოგიურ მუნიციპალურ ობიექტებს შორის ხიდების აგებასა და გაძლიერებაზე ისაუბრა.
ამასთან, ხაზი გაუსვა კულტურის სფეროს ფინანსური უზრუნველყოფისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიების მნიშვნელობას, ასევე ჰაბების და კლასტერების შექმნას და ტრადიციული, ეროვნული კულტურისა და შემოქმედების განვითარებისთვის ეკონომიკური მოტივაციის გაზრდას.
ღონისძიებზე მოხსენებები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ასევე ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველოში ვინსენტ რეიმ, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და შემოქმედების პროგრამის წარმომადგენელმა რაგნარ სილიმ და „შემოქმედებითი საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორმა ზვიად მჭედლიშვილმა წარმოადგინეს.
კონფერენციაზე გამომსვლელებმა ყურადღება თანამედროვეობასა და ტრადიციებს შორის ურთიერთქმედებაზე, ასევე არსებულ გარემოში შემოქმედებითობის განვითარებაზე გაამახვილეს და შემოქმედებითი მეწარმეებისთვის საჭირო პირობების შექმნის აუცილებლობაზე იმსჯელეს.
კონფერენციაზე საუბარი ასევე თბილისის რეგიონის შემოქმედების ცენტრად გარდასაქმნელად საჭირო ცვლილებებსა და თბილისელებისთვის კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობასაც შეეხო.
2 დღიანი კონფერეცია, რომელიც „თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად’’ პროგრამის ფარგლებში ტარდება, მიმდინარე წლის ივლისში საკრებულოს წევრის თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა დაიწყო და ააიპ „შემოქმედებითი საქართველო“ -ს ორგანიზატორობით, ასევე თბილისის საკრებულოსა და მერიის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამისა და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს ოფისის პარტნიორობით ჩატარდა.