გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული ბინები დაათვალიერა

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული ბინები დაათვალიერა

საქართველომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით პროგრესს მიაღწია, - ამის შესახებ დევნილთა საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ჩალოკა ბეიანიმ განაცხადა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, დევნილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის ახალაშენებულ კორპუსებში გადაცემული ბინები დაათვალიერა, დევნილებს გაესაუბრა  და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.

ჩალოკა ბეიანის განცხადებით,  მისი წინა ვიზიტისას გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფას  უკავშირდებოდა და მოხარულია, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და დევნილები ახალ სახლებში ბედნიერები არიან.

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, 2014 წელს, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის მომზადებული ჩალოკა ბეიანის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შესრულებულია.

„ეს არის   გაეროს სპეციალური მომხსენებლის მეორე ვიზიტი საქართველოში.  წინა ვიზიტის დროს მან მოგვცა ფასეული რეკომენდაციები. დღეს, ჩვენ ვანახეთ ის პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ და ასევე ის პრობლემები,  რომლებიც ჯერ კიდევ გვაქვს.  რეკომენდაციებს რაც შეეხება, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძირითად ნაწილში  რეკომენდაციები შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.