კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის მშენებლობა დაასრულა.
ჰესი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა, საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს" გენერალურ დირექტორთან, ირაკლი გილაურთან და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად გახსნეს.
საგურამოჰესის გახსნის ცერემონიალს, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ეკონომიკის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საგურამოჰესის მშენებლობის ინიციატორი და პროექტის ავტორი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია". ეკოლოგიურად სუფთა, ,,მწვანე" ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის კომპანიამ 11 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
საგურამო ჰესი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მთავარი აქციონერის, GWP-ის 100%-იანი წილის მფლობელის, საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს" მხარდაჭერით ააშენა, რომელიც კვლავ აქტიურად განაგრძობს უცხოური მოზიდული კაპიტალის ქართულ კომპანიებში ინვესტირებას.
„ბიჯეო" ჯგუფმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" ჯამში უკვე 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რამაც კომპანიის გაფართოვებას და განვითარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.
აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 32 მლნ.კვტსთ.
საგურამოჰესის ტურბინა-გენერატორი და დამხმარე მოწყობილობები, ავსტრიულმა კომპანია ANDRITZ HYDRO SAS -მა დაამზადა, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი, ქართულმა სამშენებლო კომპანია ,,სპეცჰიდრომშენმა" განახორციელა. მშენებლობის პროცესს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარული კომპანია ,,Stucky SA" ზედამხედველობდა.
ახალი ჰესი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის'' სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტიაა.
საგურამოჰესის მშენებლობა 2015 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო. პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ დამატებით 100 ადამიანზე მეტი დაასაქმა.
25 სექტემბრიდან ახალი ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო.
ასეთი ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად.