თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადაინაცვლა. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ღონისძიება ლონდონში ამ წუთებში მიმადინარეობს. ღონისძიებას თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებიან.
„ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადასვლა ჩვენი ბანკისთვის ნიშნავს განვითარების შეუზღუდავ შესაძლებლობას, ინვესტორთა ბაზის გაფართოებას და აქციების ლიკვიდურობის ზრდის პერსპექტივას, ხოლო ადგილობრივი ბაზრისათვის კიდევ უფრო სტაბილური, უმაღლესი სტანდარტებით მართული ბანკის სერვისების მიღებას,"- აღნიშნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.
თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება. ამ ორი წლის განმავლობაში ბანკმა აჩვენა კორპორაციული მართვის საუკეთესო შედეგები და დაადასტურა, რომ არის უმაღლესი სტანდარტების მქონე კომპანია, რომელიც იმსახურებს ლონდონის საფონდო ბირჟის უმაღლეს სეგმენტში გადასვლას.
ამიერიდან თიბისი ბანკის აქციები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ივესტორთა წრისათვის. ეს დიდი შესაძლებლობაა თიბისი ბანკისთვის რადგან, სულ მსოფლიოს მასშტაბით ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგემენტში მხოლოდ 12 ბანკია წარმოდგენილი, მათ შორის ისეთი უმსხვილესი ბანკები როგორებიცაა, Barclays, Lloyds, HSBC.
პრემიუმ ლისტინგში მოხვედრილი კომპანიები ყველაზე მკაცრი სტანდარტებით რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანია პასუხობს და მომავალშიც უპასუხებს გამჭვირვალეობისა და კორპორაციული მართვის უმკაცრეს მოთხოვნებს. შესაბამისად, თიბისი ბანკისთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო აწიოს თავისი საქმიანობის სტანდარტი და გაუზიაროს მომხმარებლებს მომსახურების მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა.
„ქვეყნის მასშტაბით, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ყოფნა ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და ასევე შექმნის საჭირო წინაპირობას საქართველოში მოქმედი ბიზნესების საერთაშორისო ასპარეზზე შესაღწევად," - აცხადებს თიბისი ბანკის დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
უახლოეს მომავალში თიბისი ბანკი გეგმავს, გახდეს FTSE-250-ში შესვლის კანდიდატი, რითაც კიდევ უფრო გაიზრდება აქციებზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად ეს იმოქმედებს აქციების ლიკვიდურობაზე.
თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში თიბისი ბანკის 50 მილიონამდე აქცია განათავსა.