დეგრადირებულის “კომპრომისი”

დეგრადირებულის “კომპრომისი”

ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოც, დრამატულიც და შავბნელი ფიგურაც ნამდვილად არის ბ-ნი გიგა ბოკერია.

განსხვავებით სააკაშვილისაგან, მას არ ჰყოლია კგბ-ს ოფიცერი გამზრდელი ბიძა და არც რუსეთის ბიზნეს წრეებთან საიდუმლო გარიგებებში არის (დღემდე) შემჩნეული. განსხვავებით ვანო მერაბიშვილისაგან და ზურაბ ადეიშვილისაგან, იგი ნამდვილად უნდა ჩაითვალოს ადამიანად, რომელმაც კარგად იცის ადამიანის უფლებების დაცვის ფუძემდებლური პრინციპები და ვარდების რევოლუციის გარიჟრაჟზე საკმაოდ სერიოზული სამუშაო აქვს ჩატარებული ამ მხრივ – როგორც საკანონმდებლო კუთხით, ისე, პრაქტიკული საქმიანობით. განსხვავებით, ნუგზარ წიკლაურის, კობა ხაბაზისა და კობა ნაყოფიასაგან, ბოკერია ნამდვილად არის ერუდირებული ინტელექტუალი და ნიჭიერი პოლიტიკოსი…

და მაინც, თუ ვინმე მკითხავს, რომელი ადამიანის დრაკონად ქცევა და იდეურ-ზნეობრივი დეგრადაცია არის ყველაზე საჩვენებელი მაგალითი ბოლო ათწლეულის განმავლობაში და რომელი ადამიანი იქცა ნეობოლშევიზმის, უსამართლობის „გაპრავების“, თავისუფალი მედიის ნაცისტურ-სტალინურ პროპაგანდისტულ მანქანად გადაქცევის, და სახელმწიფო ტერორის სულისჩამდგმელად, მე სწორედ გიგა ბოკერიას (და მის თანამეცხედრეს, თამარა ჩერგოლეიშვილს, – თანამედროვე საქართველოს მაკბეტების წყვილს) დავასახელებდი.

პირადად არ ვიცნობდი გიგა ბოკერიას, მაგრამ მახსოვს მისი შთამბეჭდავი – ცინიზმისა და პათოსის საკმაზით გაზავებული – გამოსვლები შევარდნაძის ეპოქის კორუმპირებული და უსამართლო სისტემის წინააღმდეგ. ბატონი გიგა ნამდვილად იდგა ლიბერალურ ღირებულებათა სადარაჯოზე და ის, რომ ამ სადარაჯოზე ყოფნისას თავის აგრესიული ანტიკლერიკალიზმით გამოირჩეოდა, ჩემთვის მაინც არ იყო იმის მანიშნებელი, რომ ეს ადამიანი მომავალში ლიბერალიზმიდან აგრესიულ ნეობოლშევიზმში გადაიჭრებოდა. რადგან ის რელიგიური პირები, რომელთა წინააღმდეგ ილაშქრებდა გიგა ბოკერია, ნამდვილად არ დამამხსოვრდნენ, როგორც ქრისტიანული სათნოების და მიმტევებლობის ნიმუშები და ვაღიარებ, მაშინ ამ ჭიდილში ჩემი სიმპათიები გიგა ბოკერიასკენ იხრებოდა, რომლის მეთოდებს – არა, მაგრამ მიდგომებს – ვიზიარებდი. და მე ნამდვილად არ ვარ გამონაკლისი იმ ადამიანთა შორის, რომლებიც დღეს გიგა ბოკერიას უპირისპირდებიან, ხოლო მაშინ – მისი თანამოაზრენი, თუ სულაც – მხარდამჭერები იყვნენ.

რა მოხდა?

მოხდა ის, რაც ხდება ხოლმე პოლიტიკაში – ადამიანი, რომელიც დრაკონს ებრძოდა, დრაკონის დამარცხების და პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ თავად იქცა დრაკონად… და გაცილებით უარეს დრაკონად, ვიდრე ის, რომელიც მან დაამარცხა!

1) დღეს გიგა ბოკერია არის კორუმპირებული ჩინოვნიკი! მას შეიძლება არ ჰქონდეს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული ქონება, მაგრამ მამამისის, ლევან ბოკერიას სამშენებლო და არქიტექტურული ფირმები „ლებო“ და „არქსტუდია“ 2004 წლიდან ზედიზედ იგებენ სხვადასხვა ძვირადღირებულ ტენდერებს, განსაკუთრებით – თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ტენდერებს, „არქსტუდია“ ასევე მონაწილეობდა აღმაშენებლის გამზირის მრავალმილიონიანი სამუშაოების შესრულებაში და ვაჟა-ფშაველაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობაში. ბოკერიების ოჯახს აქვს წილი ტურისტულ ფირმა „არქტურშიც“ და მეტროში განთავსებული ბილობორდების სარეკლამო ბიზნესშიც. გიგა ბოკერიას ცოლს – თამარა ჩერგოლეიშვილს ეკუთვნის სააკაშვილის რეჟიმის გებელსური პროპაგანდის ყველაზე დახვეწილი ინსტრუმენტი, ჟურნალი „ტაბულა“, რომელსაც რეჟიმის აპოლოგეტები ბენდუქიძე, კეზერაშვილი, ნაყოფია გულუხვად აფინანსებენ. გიგა ბოკერიას ცოლისდას კი ეკუთვნის სამშენებლო ფირმა „არტიქსი“ (რომლის სინდისზეა რუსთავი2-ის ორი ოპერატორის ტრაგიკული სიკვდილი ვარსკვლავების აკადემიის შენობის უკანონო და არაპროფესიონალური გადაკეთებისას ჩამონგრევის გამო), საგამოფენო გალერეა მთაწმინდაზე და ტელეკომპანია „საქართველო“, რომელიც ახლახანს თავის ახლობლებზე გადააფორმა. ეს ყველაფერი – ბოკერიების ოჯახური ბიზნესი – სათავეს იღებს 2004 წლიდან და ნამდვილად უკავშირდება გიგა ბოკერიას კარიერულ წინსვლას. თორემ გიგა ბოკერიას ქონება 2003 წელს ორიოდე ჯინსით შემოფარგლებოდა და არც მამამისს ეტყობოდა კოჭებში წარმატებული ბიზნესმენობა.

2) გიგა ბოკერია უფლებადამცველიდან იქცა უფლებადამრღვევად და ადამიანის მკვლელელების და მოძალადეების დამცველად! პირველად ეს იყო 2006 წელს, როდესაც სწორედ გიგა ბოკერიამ კბილებით დაიცვა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და შემსრულებელი – ოლეგ მელნიკოვი. ეს გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბერს, რომლის დაგეგმვაში გიგა ბოკერიამ სერიოზული როლი ითამაშა. გიგა ბოკერია, რომელიც ხმას არ ძრავს საქართველოს ციხეებში ახალაიას, შაშკინის თუ კალმახელიძის დროს მიმდინარე წამებებსა და ადამიანების მკვლელობებზე, საქართველოს ციხეებში და პოლიციის განყოფილებებში გარდაცვლილი ადამიანების რიცხვის საშინელ დინამიკაზე, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ადგილზე ჩახოცილ ათეულობით ახალგაზრდაზე, 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დარბევაზე – არაადამიანურ დარბევაზე!.. გიგა ბოკერიას არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ხელფეხშეკრული ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი ჯიხურის სახურავზე დენის დარტყმით გარდაიცვალნენ… ხოლო გიგა ბოკერიას მეუღლე – თამარა ჩერგოლეიშვილი თავის კონტაქტებს ევროსაბჭოში სრულად იყენებდა იმისათვის, რომ სანდრო გირგვლიანის “უბედური შემთხვევით გამოწვეული” სიკვდილი და საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების უცოდველობა დაემტკიცებინა… გიგა ბოკერია, როგორც ადამიანის უფლებისდამცველი, დიდი ხანია, აღესრულა! დღეს არსებობს გიგა ბოკერია, რომელიც არის მკვლელების და მოძალადეების დოსტი და ნამუსის მომწმენდი!

3) გიგა ბოკერია იყო შეკრებების თავისუფლების ინიციატორთაგანი. თუ არ მეშლება, სწორედ მას მიუძღვის წვლილი იმაში, რომ საქართველოში შეკრებას და მანიფისტაციის სჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხოლოდ ინფორმირება და არაა საჭირო სპეციალური ნებართვის მიღება. მაგრამ დიდი დრო გავიდა მის შემდეგ და საკაშვილის ხალხისგან სულ უფრო დისტანცირებული ხელისუფლება სულ უფრო აძლიერებს წნეხს შეკრებებისა და აზრის გამოთქმის თავისუფლებაზე. დაწესდა აბსურდული შეზღუდვები სახელმწიფო დაწესებულებებთან მიახლოების დასაშვებ ნორმებზე, რომლებიც ზოგიერთ დაწესებულებასთან მიტინგის ჩატარებას პრაქტიკულად გამორიცხავს. დაწესდა შეზღუდვები იმ საყოფაცხოვრებო საგნებზე, რომელთა პოვნის შემთხვევაში მიტინგზე მყოფი პირი შეიძლება დააკავონ და ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მისცენ. თავის მხრივ განუზომლად გაიზარდა ადმინისტრაციული წესით სასჯელის ვადა და საოცრად გამარტივდა ასეთი წესით ადამიანის გასამართლება თუნდაც მხოლოდ ერთი მოწმის – მათ შორის ხშირად – მხოლოდ პოლიციელის – ჩვენების საფუძველზე. ამ მეთოდით ბოლო წლებში რამდენიმე ასეული ადამიანი გაასამართლეს მას შემდეგ, რაც მათ ოპოზიციის მიტინგებში მიიღეს მონაწილეობა და ასობით ადამიანი კი – სამსახურიდან გაანთავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით! გიგა ბოკერია არ დაინტერესებულა არცერთი ასეთი ფაქტით, არ დაინტერესებულა, რატომ აგდებენ მასწავლებლებს სკოლიდან პოლიტიკიური ნიშნით, რატომ ადებენ ყადაღას პოლიტიკური სიმპათიების გამო, რატომ აუკრეს პირი საჯარო მოხელეებს და რატომ გაანთავისუფლეს რამდენიმე ადამიანი საჯარო სამსახურიდან ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის ფაქტის გამო.

4) გიგა ბოკერია იყო მედიის თავისუფლების აქტიური მხარდამჭერი შევარდნაძის ეპოქაში და გახდა მედიის დამუნჯების და დაკაბალების ერთ-ერთი ფარული, მაგრამ აქტიური მხარდამჭერი ამჟამად. მას ხმა არ ამოუღია „იმედის“ უკანონო დარბევაზე და „კავკასიის“ უკანონო გათიშვაზე 2007 წლის 7 ნოემბერს. არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, რომ საქართველოში 2003 წელს არსებული 12 თავისუფალი ტელევიზიიდან 11 „გაკოტრდა“, დაიხურა ან ხელისუფლების ახლო წრის ხელში გადავიდა. იგი ვერ ხედავს ვერაფერს უცნაურს „ინფო-9“-ის ჟურნალისტების მიმართ წარმოებულ მორალურ და ფიზიკურ ძალადობაში, ვერ ამჩნევს, რომ ყოფილი პოლიციელებით და რეალ-ტვ-ის „ჟურნალისტებით“ დაკომპლექტებული ფსიქოლოგიური ტერორის განმახორციელებული ჯგუფები “ინფო-9″-ის ჟურნალისტებს მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან და მორალურ წნეხს ახორციელებენ. ბოკერიას კომენტარი ამ საკითხზე, რომ ეს, თურმე, არის “კონკურენტი ჟურნალისტების მხრიდან „ინფო-9“-ის მეთოდების გადაღება“ არის აბსოლუტურად დემაგოგიური და ამორალური! ეს არის ირიბი დადასტურება იმისა, რომ ჟურნალისტების ეს სამარცხვინო დევნა სწორედაც რომ ხელისუფლების მხრიდან არის ორგანიზებული და მხარდაჭერილი. ვინ ვინ-და, გიგა ბოკერიამ მშვენივრად უნდა იცოდეს, რომ არსებობს სერიოზული განსხვავება იმაში, როცა ჟურნალისტი ცდილობს მოიპოვოს საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაცია საჯარო მოხელისაგან და იმაში, როცა ჟურნალისტებად შენიღბული დილეტანტები ცდილობენ უაზრო ან უღირსი კითხვებით პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალონ ჟურნალისტებს. ეს არის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ სწორედ ის მიზანმიმართული კამპანია, რასაც ერთ დროს თავისუფალი მედიის ადვოკატი და დღეს გებელსური პროპაგანდის მანქანის არქიტექტორი – გიგა ბოკერია ცდილობს განახორციელოს და მისაღებად ჩათვალოს! ყალბი, ხელოვნური, პლასტმასის „სინამდვილე“ პროსახელისუფლებო, ცენზურას დაქვემდებარებული მედიასაშუალებების ეთერში, ჟურნალისტები, რომლებიც ერთიდაიგივე ტექსტს კითხულობენ არა იმაზე, რატომ მოხვდა და როგორ დაიღუპა პოლიციის განყოფილებაში ეჭვმიტანილი ადამიანი, არამედ იმაზე, რატომ ჩამოვიდნენ დაღუპულის ოჯახში სამძიმარზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები!.. გიგა ბოკერია, რომელსაც ყველაფერ ამაზე და „მოდელირებულ ქრონიკაზე“ კითხვები არ უჩნდება… ადამიანი, რომელიც თითქოს ვაცლავ ჰაველის თაყვანისმცემელი იყო და მიხეილ სააკაშვილის უსიტყვო მსახურად და თაყვანისმცემელად იქცა… გიგა ბოკერია, რომელიც აქტურად ეწინააღმდეგება სატელიტური თეფშების გავრცელებას საქართველოში – ანუ სიმართლის გავრცელებას. გიგა ბოკერია, როგორც სიმართლის გაყალბების აპარატის ლაქია – მართლაც, რა საოცარი დეგრადაციაა!

მართალი გითხრათ, ამ სტატიის დაწერისაკენ მიბიძგა გიგა ბოკერიას მისამართით გაკეთებულმა იმ ლამის კომპლიმენტებმა, რაც რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა. ყბადაღებული (უცხოელების თავის მოსაქონად შექმნილი) ე.წ. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ბატონმა ბოკერიამ „მაესტროს“ დაყადაღებულ თეფშებზე ასეთი კომპრომისული მორიგება შესთავაზა მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენელებს – ლაშა ტუღუშს, ნინო ზურიაშვილს და შორენა შავერდაშვილს: „მაესტროს“ თეფშებს შეიძლება აეხსნათ ყადაღა, თუკი „მაესტრო“ თანახმა იქნება, რომ მისი თეფშები რეგიონებში „საქართველოს ფოსტამ“ დაარიგოს და დაამონტაჟოს, თანაც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგდეს და თანაც „მაესტრომ“ ამაში ბიზნეს-ინტერესი არ უნდა ჩადოსო. მედია ადვოკატირების წევრები მადლობას უხდიდნენ გიგა ბოკერიას და კმაყოფილები იყვნენ, რომ კომპრომისი გამოინახა. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ, ამ წინადადებაზე თანხმობა ტელეკომპანია „მაესტრომაც“ განაცხადა.

თავიდანვე უცნაური იყო, როგორ მოახერხა თუნდაც მაღალი რანგის ჩინოვნიკმა სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლა თითქოსდა “სამართლებრივ სახელმწიფოში”! ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არავითარი სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არ არსებობს და მთავარია, აღმასრულებელი ხელისუფლების ძლიერ ფიგურას მოუნდეს, და ყველანაირი სასამართლო განჩინება წამიერად აორთქლდება. მეორე უცნაურობა კი ის იყო, რომ თუ „მაესტროს“ თეფშებს ყადაღა ეხსნება, ეს მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ “მაესტროს” თეთრი ძაფით ნაკერი „ბრალეულობა“ არ დადასტურდა! ჰოდა, მაშინ რა უფლება აქვს ვინმეს, კომპანიას მისთვის დასაბრუნებელ ქონებაზე პირობები უდოს და ულტიმატუმები წაუყენოს? დაბოლოს – თავიდან იმას ედავებოდნენ “გლობალ ტვ”-ს – კომერციული ინტერესი არ გქონდა თეფშების გავრცელებაში ჩადებულიო, ახლა კი “მაესტროს” სწორედაც რომ „კომერციული ინტერესის“ ჩადება აუკრძალეს…

მოკლედ, სად – სამართალი, და სად – მიშას კანტორა?!

თუმცა ამაზე მაინცდამაინც ბევრი არავის ულაპარაკებია, რადგან „მაესტროს“ ადვოკატი კოალიციის წევრები, რომელთაც, ჩემგან განსხვავებით, ჯერ კიდევ ის – ძველი გიგა ბოკერია ახსოვთ და, არ გამოვრიცხავ, სულის სიღრმეში იმის მოლოდინში არიან, როდის განჯადოვდება დრაკონად ქცეული მზეჭაბუკი და როდის გადმოვა ხალხის და სიმართლის მხარეზე, მგონი, ზედმეტად მოხიბლულნი იყვნენ ბოკერიას მხრიდან გამოჩენილი ინიციატივით და „კომპრომისით“!

მაგრამ იყო კი ეს კომპრომისი გიგა ბოკერიას მხრიდან?

შეიძლება, მე ვცდები და „მედიის ადვოკატირების“ კოალიციის წევრთა კმაყოფილება დროული და გამართლებულია (ბოდიშს ვიხდი ამ ადამიანებთან, რომელთა შემართებას და მრავალთვიან თუ მრავალწლიან მონდომებას დიდ პატივს ვცემ, თუ ცოტა მიამიტური ან ნაადრევი მეჩვენა მათი სიხარული), მაგრამ ნაცმოძრაობის ბონზების საქციელის ხანგრძლივმა ანალიზმა დამარწმუნა იმაში, რომ ყოველი მათი მხრიდან გადმოდგმული „კომპრომისული“ ნაბიჯი სინამდვილეში ოსტატური ხაფანგია, რომელშიც ყველიც კი არაა დატოვებული, არამედ – ყველის ფორმის „კუკლა“…

რატომ გააკეთა ბოკერიამ ეს მოულოდნელი „კომპრომისული ნაბიჯი“?

ჩემი აზრით, ძირითადად იმიტომ, რომ კარგად გაიაზრა თავისი სეხნია ამერიკული კომისიის ხელ-ლის – თომას მელიას დიპლომატიურად შეფარული, მაგრამ მაინც სერიოზული კრიტიკა და მოუნდა თავი რაიმეთი „გამოეჩინა“- რაიმე ჟღერადი „კომპრომისით“. გარდა ამისა, მელიას კომისიაც, დიპლომატიური კორპუსიც, ევროკავშირიც – ყველა უნისონში რბილად, მაგრამ დაჟინებით ხაზს უსვამენ, რომ „მასთ ქერის“ პრინციპი 1 ოქტომბრის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს! ხოლო ნაციონალური მოძრაობის მთელი წინასაარჩევნო პერიოდი უეჭველს ხდის იმას, რომ მათ მყარად აქვთ გადაწყვეტილი არჩევნების ისე გაყალბება, რომ საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადონ. მათ ბანაკში აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ იმას ეხება, საკუთარ თავს სააკაშვილისთვის სანუკვარი 70-75% დაუწერონ, თუ 55%-ით „დაკმაყოფილდნენ“. ჰოდა ამ სიტუაციაში მათთვის „მასთ ქერის“ გაგრძელება უეჭველი დამარცხების ტოლფასია! ოღონდ ამას აარიდონ თავი და არამცთუ „მაესტროს“, შეიძლება „გლობალ ტვ“-ის თეფშებსაც ახსნან ყადაღა! (რა თქმა უნდა – სპეც. პირობებით!)

მაგრამ, რეალურად რა ხდება იმ დროს, თუ „მაესტროს“ თეფშებს ყადაღას ახსნიან და დასარიგებლად კეზერაშვილის, კახა ბაინდურაშვილის (ყოფილი ფინანსთა მინისტრის) და ლევან სანაძის (შინაგან საქმეთა მინისტრის მომსახურების ყოფილი სააგენტოს უფროსის) მიერ მართულ და ნაცმოძრაობის ყურმოჭრილ ორგანოს – „საქართველოს ფოსტას“ გადასცემენ?

არც არაფერი მოხდება!

ამ კომპრომისის გაჟღერებიდან არჩევნებამდე დარჩენილ 3 კვირაში?? – სრულიად არაფერი!!!

„საქართველოს ფოსტა“, რომელსაც თეფშების მონტაჟთან შეხება არასდროს ჰქონია, ალბათ 1-2 კვირა საკითხის სპეციფიკას შეისწავლის, კიდე ერთი კვირა რაიონებში დარიგებას მოანდომებს და საბოლოოდ შედეგი ის იქნება, რომ, მხოლოდ რამდენიმე რაიონში (ძირითადად, ალბათ, სამეგრელოში და ქვემო ქართლში, სადაც ნაცმოძრაობას შედარებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს), ძირითადად, – ნაცმოძრაობის აქტივისტებს, ალბათ, - 500-მდე თეფშს დაურიგებენ… თან, ალბათ, 29 ან 30 სექტემბერს მოხდება ეგ ამბავი, ანუ „მასთ ქერის“ ნაციონალებისთვის სანატრელ დასასრულამდე რამდენიმე საათით ადრე. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ სოციალურად დაუცველი პირები გააფრთხილონ – “მაესტროს” ან მე-9 არხის ყურება არ გაბედოთ, თორემ პენსიებს და დახმარებებს მოგიხსნითო!

ვითომ, ვაჭარბებ?

ნეტამც ეგრე იყოს და ჯანდაბას ჩემი ეჭვიანობა…

ნეტარ არიან მორწმუნენი! თუმცა, როგორც მახსოვს, ბოკერიას მიმართ მორწმუნეებზე არ თქმულა ეს ფრაზა…

ბოკერიამ სათნო ყვავის როლი ითამაშა და მორიგი კაკალი მოხდენილად გადმოგვიგდო… ჩვენ კი გვიხარია, რომ კაკალი გავაგდებინეთ! ფშუტეა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს კაკალი! ისევე როგორც ფშუტე იყო ნაცმოძრაობის მიერ გადმოგდებული ნებისმიერი კაკალი და დაპირება 9 წლის განმავლობაში… „მაესტროს“ ანტენების დარიგებას აზრი ივლისში და აგვისტოში ჰქონდა და თან მაშინ, თუ თავად „მაესტრო“ დაარიგებდა, თორემ ნაცმოძრაობის “კასირის “კეზერაშვილის ფოსტა რას და როგორ დაარიგებს, თუ ამაზე ილუზია გვაქვს, მაშინ წესით პაჩკა-პაჩკა საქართველოს ლატარიის ბილეთების ყიდვის დროც მოსულა!..


როცა შულერთან კარტის სათამაშოდ ჯდები, ძალიან დიდი ილუზიაა იმის მოლოდინი, რომ გამოუცდელებს უმართლებს. და ან თუ მოწინააღმდეგემ პატიოსნად თამაშზე დედა დაიფიცა, რომ ამას დიდი ფასი აქვს…

ხოლო როცა მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფილ უფლებადამცველთან, ხოლო დღეს დემაგოგიის მარშალთან და პროპაგანდის მინისტრთან ვჯდებით, უნდა ვხვდებოდეთ, რომ… ჯობდა, შულერთან კარტი გვეთამაშა – მიზერული, მაგრამ ათჯერ მეტი შანსი მაინც გვექნებოდა…