ფრანს პრესი ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ქართული ოცნების ლიდერი ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილმა საქართველო, რომელსაც დასავლეთის მხარდაჭერა აქვს, გადააქცია ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოდ, როგორიც ქვეყნის მტერი რუსეთია. ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი კოალიცია ოქტომბრის არჩევნებზე სააკაშვილის მმართველობას დაამარცხებს.
მისივე თქმით, ის მზად არის დაიწყოს მასობრივი გამოსვლები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს აღმოაჩენენ. როგორც "ფრანს პრესი" წერს, ივანიშვილი სააკაშვილს რუსეთთან ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს. "მე არ მინდა გავაკრიტიკო პუტინი, რადგან არ მინდა დავემსგავსო სააკაშვილს და ვაკრიტიკო დიდი ქვეყანა. ჩვენ გვექნება საუბარი რუსეთთან და მოვახდენთ ურთიერთობის ნორმალიზებას და არ მინდა ამის ხელშეშლა. როგორ უნდა ვაკრიტიკო პუტინი, როდესაც გვყავს სააკაშვილი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ის სააკაშვილს ეხმარებოდა 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, თუმცა, 2007 წლის 7 ნოემბერს ანტისამთავრობო დემონსტრაციის ძალადობრივი გზით დარბევის გამო დახმარება შეწყვიტა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას არ გააჩნია გრძელვადიანი პოლიტიკური ამბიციები და პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ორი წლის შემდეგ პოლიტიკიდან წავა, მთავრობას კი საკუთარ გუნდს ჩააბარებს.