ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა და სხვა სასულიერო პირებმა, ფოთის მშენებარე ტაძრის ეზოში, TSpress.ge-ს რედაქტორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მეუფის თანმხლებმა მამა თევდორემ TSpress.ge-ს რედაქტორ ელისო ჯანაშიას ფლიპკამერა ძალის გამოყენებით გამოგლიჯა და დაამტვრია.
ინციდენტი, 13 სექტემბერს, დაახლოებით ღამის 23 საათისთვის მოხდა. TSpress.ge-მ გადაიღო ის ბანერები, რომელზეც გამოსახულია პრეზიდენტის, მეუფე გრიგოლისა და პატრიარქის ფოტოები. ბანერი ტაძარს ორი მხრიდან არტყია გარს. TSpress.ge ცდილობდა ასევე ტაძრის გახსნის თარიღის დადგენას, ვინაიდან მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი 14 სექტემბერს ტაძრის საზეიმო გახსნას აპირებდა, თუმცა, მოგვიანები თარიღი კვლავ შეიცვალა.
გადაღებისას ტაძრის ეზოში გამოჩდნენ მეუფე გრიგოლი და ფოთში მოღვაწე სხვა სასულიერო პირები. TSpress.ge–ს საუბრისას მათთვის კითხვა არ დაუსვამს. ამის შემდეგ ისინი ტაძარში შევიდნენ. ტაძრიდან დაახლოებით 30 წუთში გამოსულმა მამა იოსებმა ჟურნალისტების კითხვები მოისმინა. კითხვები შეეხებოდა, ტაძრის გახსნის თარიღს, მისი კურთხევის თარიღს, ასევე"პოლიტიკური კურთხევის" შესახებ ქადაგებასა და ბანერზე გამოსახული პრეზიდენტის ფოტოებს – იყო თუ არა ის "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური რეკლამა. რამდენიმე წუთში, მამა იოსებმა TSpress.ge-ს განუცხადა, რომ მეუფე დაღლილი იყო და კომენტარს ვერ გააკეთებდა.
"ამ დროს მეუფე ტაძრის გასასვლელისკენ გაემართა. მასთან მივიდა ჟურნალსიტი იზა სალაყაია და კურთხევა სთხოვა, მეუფემ მას ზედაც არ შეხედა. მე შევეცადე კითხვა დამესვა, რადგან ჩვენ არასდროს გვაქვს მისი კომენტარის მიღების საშუალება. მან ტაძრის გახსნის თარიღთან დასმულ კითხვაზე პასუხი არ გამცა. მე დავინტერესდი მიზეზით, რატომ არ მცემდა პასუხს. მას განრისხება დაეტყო და ერთ მომენტში მომეჩვენა, რომ კვერთხი მომიღერა, მაგრამ თავი შეიკავა, თუმცა, ტაძრის ეზოში პრეზიდენტის ბანერთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ ის იმდენად განარისხა, რომ გადმომიხტა, ფეხი ჩამარტყა წვივში, მხარი გამკრა და დამიყვირა: გაიწიეო. ამ დროს მან მის უკან მომავალ მამაოებს უბრძანა, მოვეცილებინეთ იქაურობას, რაც იმავე წამს აღასრულა მამა თევდორემ, რომელმაც ხელები გადამიგრიხა, ხელი სტაცა ფლიპკამერას, რომელიც იმავე წამს გაითიშა. ფლიპის საკიდი მაჯაზე მქონდა და წართმევა უცებ ვერ მოახერხა, მკლავზე და მაჯაზე ჯაჯგურის შემდეგ, მან მოახერხა საკიდის გაწყვეტა და ფლიპის წართმევა, რის შემდეგაც კამერა შორს მთელი ძალით მოისროლა. მეუფემ ამასობაში ტაძრის ეზო მშვიდად დატოვა,"–აცხადებს ელისო ჯანაშია, რომელიც აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავთათვის მიმართვას გეგმავს.
ინციდენტს იღებდა ჟურნალსიტი იზა სალაყაია, რომელსაც ერთ–ერთმა სასულიერო პირმა კამერაზე ხელი აუფარა და გადაღების უფლება არ მისცა. ფლიპკამერის გათიშვის შემდეგ მან რამდენიმე კადრის გადაღება მოახეხა, რომელზეც მოძალადე სასულირო პირებია აღბეჭდილი. TSpress.ge ორივე კამერით გადაღებულ კადრებს დაუმონტაჟებლად გთავაზობთ.