ბოტანიკურ ბაღს არანაირი შეხება არა აქვს პროექტ „პანორამა-თბილისთან“

ბოტანიკურ ბაღს არანაირი შეხება არა აქვს პროექტ „პანორამა-თბილისთან“

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ეხმაურება ტელეკომპანია რუსთავი 2-სა და მათზე დაყრდნობით, სხვადასხვა ინტერნეტ საშუალებებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.

23 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ანონსში გახმიანდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „პანორამა-თბილისის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ხეების გაჩეხვა, რის შესახებაც ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტში არაფერი თქმულა.

სამწუხაროდ ტელემაყურებელთა გარკვეულ ნაწილს სჯერა იმ სიცრუის, რომლის ტირაჟირებასაც აქტიურად აწარმოებს აღნიშნული კომპანია, ამის დამადასტურებელი იყო 25 ნოემბერს მედიაკავშირ „ობიექტივის“ ტელეწამყვან ვახტანგ ბეგიაშვილის გადაცემაში განხორციელებული ზარი, სადაც ტელემაყურებელი სწორედ რუსთავი 2-ის ამ სიცრუეზე დაყრდნობით გამოხატავდა თავის აღშფოთებას ბოტანიკურ ბაღში უნიკალური, ასწლოვანი ხეების მოჭრის თაობაზე.

ვაცხადებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს არანაირი შეხება არა აქვს პროექტ „პანორამა-თბილისთან“. ბაღის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს ხეების მოჭრა, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, თუ ხე ხმელი, ან დაავადებული არ არის, რომლის დროსაც ხდება სპეციალისტების მიერ შესაბამისი დასკვნის დადება. ბაღის ტერიტორიიდან გატანილი ხის ხმელი ნარჩენები გადაეცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, რაიონულ გამგეობებს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დასარიგებლად.

გვსურს დავამშვიდოთ მოსახლეობა და ვთხოვოთ, ნუ აყვებიან ცრუ ინფორმაციებს და ხელს ნუ შეუწყობენ სხვადასხვა საშუალებებით ამ ცრუ ინფორმაციების მასობრივად გავრცელების მცდელობას.

ასევე, გვსურს ვუთხრათ თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს, რომ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი, სადაც შეუძლიათ მოსვლა, დათვალიერება და იმ მშვენიერი ბუნებით დატკბობა, რომელიც უკვე რამდენიმე საუკუნეა არსებობს და რომელსაც დღესაც რუდუნებით უვლიან ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები.