25 ნოემბერს, 11:00 საათზე, ექსკლუზიურად ქუთაისის დამთვალიერებლისათვის, ქუთაისის თიბისი გალერეაში (აღმაშენებლის მოედანი 1), 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების გამოფენა - ‘’საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტების დედნები და ფოტორეპროდუქციები რომლებიც ეროვნულ არქივშია დაცული. ეს მასალა ასახავს ისეთ ისტორიულ აქტებსა და მოვლენებს, როგორებიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა, პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა და ა.შ.
გამოფენაზე წარმოდგენილი საარქივო მასალების ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. მათ შორის ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივიც, რომლის ციფრული ვერსიის ჩამოტანა ჟენევის გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკიდან 2015 წელს მოხერხდა.
თიბისი ბანკის მხარდაჭერით საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი ექსპონატები ოქტომბერში თბილისში, საქართველოს ეროვნული გალერეაში იყო გამოფენილი. ქუთაისის თიბისი გალერეა ექსპოზიციას 14 დეკემბრამდე უმასპინძლებს, რის შემდეგაც, ის ბათუმის თიბისი გალერეაში გადაინაცვლებს. გამოფენათა სერია ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნება.
ქუთაისის თიბისი გალერეაში გამოფენის გახსნას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და თიბისი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრებიან.