კახა კახიშვილმა და მიხეილ გიორგაძემ უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

კახა კახიშვილმა და მიხეილ გიორგაძემ უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები პენიტენციურ დაწესებულებებში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ითანამშრომლებენ და პროექტს „ცოცხალი წიგნები“ განახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, ქართველი მწერლები პენიტენციურ დაწესებულებებს ეწვევიან და მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებთან შეხვედრებს გამართავენ. დოკუმენტი დაწესებულებებისთვის გამოცემების უსასყიდლოდ მიწოდებასაც ითვალისწინებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტის განხორციელება პოზიტიური ინიციატივაა.

„მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მიმართ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კარგად გვაქვს გაცნობიერებული და 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ყოველდღიურად ამას ვამტკიცებთ, რომ საპატიმრო დაწესებულება მხოლოდ ადამიანის იზოლირებას არ უნდა ნიშნავდეს, მან თავი გარიყულად არ უნდა იგრძნოს, პირიქით უნდა გრძნობდეს, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრია. ამ კუთხით მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროექტი ყველა დაწესებულებაზე გავრცელდება და ქართველ მწერლებს საქართველოს მასშტაბით ყველა დაწესებულებაში შესვლის და მსჯავრდებულებთან ურთიერთობის საშუალება მიეცემათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დაწესებულებებში  მყოფთათვის, ასევე, პროექტის მონაწილეთათვის“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით,  პროექტ „ცოცხალი წიგნების“ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მსგავსი დადებითი შედეგიდან გამომდინარე კი, მისი სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებაც გადაწყდა. მან ინიციატივის გაზიარებისთვის კახა კახიშვილს მადლობა გადაუხადა.

„თანამდეროვე ქართველი ავტორები შეხვდებიან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ადამიანებს, საკუთარ თავს და თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრა გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტას არ ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი, რომელიც მთელ სისტემაზე გავრცელდება,  საინტერესო და სასარგებლო იქნება დაწესებულებებში მყოფი ადამიანებისთვის. მათ ქართველი ავტორები ხშირად ესტუმრებიან“,  -  განაცხადა გიორგაძემ.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონია N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა და მას მსჯავრდებულები, სამინისტროს წარმომადგენლები და პროექტ „ცოცხალი წიგნის“ მონაწილე მწერლები დაესწრნენ. ხელმოწერის შემდეგ მწერლებმა მსჯავრდებულებთან პირველი შეხვედრაც გამართეს. დაწესებულების ბიბლიოთეკას კი, საჩუქრად ლიტერატურული ჟურნალები და წიგნები გადაეცა.