ბერნარდ კუშნერი მთავრობის წევრებს, სამედიცინო საზოგადოებასა და სტუდენტებს შეხვდება

ბერნარდ კუშნერი მთავრობის წევრებს, სამედიცინო საზოგადოებასა და სტუდენტებს შეხვდება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბერნარდ კუშნერი საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში მთავრობის წევრებს, სამედიცინო საზოგადოებასა და სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრებს ფრანგი  დიპლომატი საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით  გამართავს.

კუშნერი ახლახანს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.  შესაბამისად, მისი ვიზიტის  ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენს.

როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ,  საქართველოს გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ორგანიზაციის "ექიმები საზღვრებს გარეშე" დამფუძნებელი ბერნარ კუშნერი საქართველოს დღეს ეწვევა.

მათივე ინფორმაციით, 21 ნოემბერს გაიმართება გლობალური კონფერენცია: ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკენეში - საქართველო და მსოფლიო, რომელზეც მომხსენებელი საპატიო სტუმარი ბერნარ კუშნერი იქნება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გლობალური ალიანსის ერთობლივ კონფერენციაზე განხილული იქნება ჯანდაცვის სფეროს ძირითადი მიმართულებები:

ახალი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება:

•      ჯანდაცვის სისტემის ახალი, ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა, ძირითადი მიმართულებები და განვითარება

•      ჯანდაცვის სისტემის მენეჯირებისა და ორგანიზების გაუმჯობესება

•      ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება

•      გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

•      მენეჯმენტისა და ადამიანური რესურსები გაუმჯობესება

•      ხარისხისა და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება

•      ფინანსური და სამართლებრივი უზრუნველყოფა

•      პაციენტის უფლებების დაცვა

•      დაავადების პრევენცია, ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა

•      მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება

ჯანდაცვის რეფორმის ძირითადი მიმართულებეები:

•      საზოგადოებრივი ჯანდაცვა

•      C ჰეპატიტის ელიმინაცია

•      პირველადი ჯანდაცვის რეფორმა

•      რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვა

•      სოფლის ექიმის პროგრამა

•      ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის დანერგვა

•      სამ წამყვან კლინიკაში, საერთაშორისო ტენდერის მართვის პროექტი

•      მედიკამენტებზე ფასების შემცირება და კონკურენციის გაზრდა

•      მომზადება ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და სამართლებრივი ცვლილებებისთვის

სხვა მიმართულებები:

•      ინფრასტრუქტურული პროექტები - სამედიცინო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვის გაუმჯობესება

•      დიპლომისშემდგომი და სარეზიდენტო განათლება

•      გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განახლება

•      დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროგრამა

•      მაღალმთიან რეგიონებში სამედიცინო ცენტრების დაარსება

საქართველოში ვიზიტს ბერნარ კუშნერი მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას შეაჯამებს. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ ფრანგ პოლიტიკოსს მათთვის საინტერესო თემაზე დაუსვან კითხვები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბერნარ კუშნერი ერთ-ერთი დამაარსებელია ორგანიზაციის "ექიმები საზღვრებს გარეშე". 2007-2010 წლებში, იყო საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი. თუმცა წარსულში, მუშაობდა როგორც სოციალური საკითხების მინისტრი. 2015 წელს "იერუსალიმ პოსტმა" ბერნარ კუშნერი მსოფიოს ყველაზე გავლენიან 15 ებრაელ ადამიანს შორის დაასახელა. ამავე წლიდან კუშნერი არის უკრაინის მოდერნიზების სააგენტოს ლიდერი ჯანდაცვის საკითხების მიმართულებით. ფრანგი პოლიტიკოსი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში.

ბერნარ კუშნერი "წითელი ჯვრის" ექიმადაც მუშაობდა. როგორც ექიმმა, მან დიდი გამოცდილება მიიღო ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს. მოგვიანებით მან დამოუკიდებლად დაარსა ორგანიზაცია-მსოფლიო ექიმები.

რაც შეეხება გლობალურ ალიანსს, ჯანდაცის სამინისტროს ინფორმაციით, გლობალური ალიანსი ჯანდაცვის საერთაშორისო ექპერტების ჯგუფია, რომელიც უმაღლესი კლასის პროფესიონალებითა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული. ჯგუფის ხელმძღვანელი დოქტორი ჟან ელი მალკინი არის ინფექციური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ექიმი სამკურნალო პრაქტიკის 25 წლიანი გამოცდილებით, ძირითადად, პასტერის ინსტიტუტის (პარიზი) სამედიცინო ცენტრში. ის უძღვებოდა მთელ რიგ საკონსულტაციო პროგრამებს საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი და აივ ინფექციასთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი.

გლობალურ კონფერენციას ბერნარ კუშნერი გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რანგში დაესწრება. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია გლობალური ალიანსი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემდეგი მიმართულებებით მუშაობს:

•      საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფციის განხორციელების სტრატეგიული გეგმა;

•      ჯანდაცვის სტრატეგიული პროგრამების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული გეგმების ჰარმონიზაციას ევროკავშირის ანალოგიურ პროგრამებთან.

•      პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება.

•      ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება (მათ შორის, ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო დაწესებულების დონეზე ხარისხის შეფასების ინდიკატორების სისტემის შემუშავება)

•      ევროკავშირსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში აღიარებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების ადაპტირების მეთოდოლოგიის შემუშავება

•      საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი საფრთხეების კომპლექსური შეფასების ინსტრუმენტების შექმნა და ადაპტაცია.