სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების, ასევე, სავალდებულო სამხედრო და სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მომსახურეთა კვებით მომსახურების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს.
კვებითი მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი სამწლიან სახელშეკრულებო პერიოდზეა გამოცხადებული, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი - 57 921 000 ლარია. აქამდე, სახელშეკრულებო პერიოდი 1 წელს მოიცავდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში კვებითი მომსახურების ხარისხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და მათი არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში საჯარიმო სანქციები გამკაცრებულია. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, მომსახურების დროულ მიწოდებას, საკვები პროდუქტების ხარისხსა და ვარგისიანობას.
რაც შეეხება სახელშეკრულებო პერიოდის გახანგრძლივებას, სასჯელაღსრულების სამინისტრო განმარტავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კვებით რაციონში შემავალ პროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვანი ცვალებადობა ფიქსირდებოდა და რიგ შემთხვევაში, ადგილობრივი კვებითი პროდუქციის მარაგების ამოწურვას ჰქონდა ადგილი, რაც პროდუქციის ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა. შესაბამისად, კვებითი მომსახურების ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ფინანსური მდგომარეობა არაერთხელ დადგა საფრთხის წინაშე.
სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ტენდერში მონაწილე კომპანიის მხრიდან გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმვის შემთხვევაში. ელექტრონული ტენდერის საშუალებით მრავალწლიანი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა ხელს შეუწყობს პრეტენდენტ კომპანიას გრძელვადიანი ფინანსური გეგმის შემუშავებაში, რაც მინიმუმამდე დაიყვანს საკვები პროდუქტების მარაგების შესაძლო შექმნის პრობლემას. ამასთანავე, კომპანიას სამომხმარებლო ბაზარზე არსებული საკვები პროდუქტების ცვლადი ფასების ლავირების საშუალება ექნება. გარდა ამისა, გაიზრდება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა შორის კონკურენცია, რაც თავის მხრივ, საბიუჯეტო სახსრებს მნიშვნელოვნად დაზოგავს.
ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 28 ნოემბერს იწყება და 2015 წლის 3 დეკემბერს, 15:00 საათზე სრულდება. ტენდერში მონაწილეობის მსურველთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელია ვებგვერდებზე: http://tenders.procurement.gov.ge ან www.spa.ge განაცხადის # SPA150030225.
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა კვების ნორმები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება. რეფორმის ფარგლებში პენიტენციურ სისტემაში კვების სტანდარტები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - გაიზარდა მენიუების რაოდენობა და ასევე, დღიური რაციონის კალორაჟი. მენიუები შედგენილია მსჯავრდებულის/ბრალდებულის განთავსების ადგილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად.