თიბისი ბანკის პროექტის #წერექართულად ფარგლებში ლექსიკონების გაციფრულება დაიწყო

თიბისი ბანკის პროექტის #წერექართულად ფარგლებში ლექსიკონების გაციფრულება დაიწყო

თიბისი ბანკის პროექტის,  #წერექართულად ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის  გაციფრულება დაიწყო. ორტომიანი ლექსიკონი, რომელიც დღემდე მხოლოდ ბეჭდური სახით არსებობდა, 6 თვეში სრულად გაციფრულდება და ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

დონალდ რეიფილდის, რუსუდან ამირეჯიბისა და შუქია აფრიდონიძის ორტომიანი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი ყველაზე დიდი უცხოენოვანი ლექსიკონია ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაში, რომელიც 100 000-ზე მეტი სიტყვისაგან შედგება. წიგნში მკითხველი ბევრ  ისეთ სიტყვას იპოვის, რომლებიც სხვა ლექსიკონებთან შედარებით უფრო ზუსტად  ან საერთოდ პირველადაა განმარტებული.

ლექსიკონების გაციფრულების პროცესის ხელშესაწყობად, თიბისი ბანკმა ეროვნულ ბიბლიოთეკას სამი კომპიუტერი გადასცა. კომპიუტერები ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილებაში განთავსდება და ლექსიკონების ბაზის განვითარებას მოხმარდება.

ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდის გარდა, ლექსიკონი საიტებზე, Lexicon.ge და Translate.ge განთავსდება და მისით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

#წერექართულად პროექტის ფარგლებში, ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გარდა, ეროვნული ბიბლიოთეკა თურქულ-ქართული, გერმანულ-ქართული, ლათინურ-ქართული იურიდიული განმარტებითი ლექსიკონების, ასევე უკრაინულ-ქართული და სომხურ-ქართული ლექსიკონების გაციფრულებაზე მუშაობს.