დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამწლიანი ანგარიშის წარდგენა პარლამენტში

დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამწლიანი ანგარიშის წარდგენა პარლამენტში

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სამინისტროს სამწლიანი ანგარიში წარადგინა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა დღევანდელი მონაცემებით 267 033 დევნილია რეგისტრირებული (85 953 დევნილი ოჯახი), და მათი გრძელვადიანი განსახლების პრობლემა დღესაც აქტუალურია. 2012 წლიდან ხელისუფლებამ რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება დევნილთა განსახლების პოლიტიკის მიმართ და ეს პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:

1. ნგრევადი და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა;

2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;

3. კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომ განსახლება ხდება იქ, სადაც დევნილები ინტეგრირდნენ განვლილი 22 წლის განმავლობაში. როგორც მინისტრმა აღნიშნა 2012 წლის ოქტომბრიდან რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 3 373 დევნილმა ოჯახმა მიიღო. ეს პროცესი დღესაც  მიმდინარეობს ხაშურში, ახალციხეში, ქუთაისსა და თბილისში. მალე კიდევ 733 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლიდან დღემდე 21 ნგრევადი ობიექტი უკვე დაიხურა და 550-მდე დევნილმა ოჯახმა ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებში მიიღო საცხოვრებელი ფართები.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა „სოფლად სახლის“ პროექტზე, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სამინისტრომ 450 დევნილი ოჯახისთვის კერძო სახლი შეიძინა.

ძალიან მნიშვნელოვანია მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტი, რომელიც 2014 წლის ნოემბრიდან გააქტიურდა და დღეს უკვე 10 100 დევნილ ოჯახს ბინები  საკუთრებაში გადაეცათ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მალე თბილისში,  ჰუალინგ ჯგუფისგან და ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდულ ბინებში 541 დევნილი ოჯახი იზეიმებს ახალმოსახლეობას.

სოზარ სუბარმა ყურადღება გაამახვილა ახალ მშენებლობებზე რომლებიც მიმდინარეობს ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში. ამ მშენებლობების დასრულებისას 4500-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით და შესაბამის რეგიონებში დევნილთა განსახლების მწვავე პრობლემები მოგვარდება.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ეკომიგრანტების პრობლემებზე და მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. 2012 წლიდან დღემდე 182 ეკომიგრანტ ოჯახს სამინისტრომ შეუძინა სახლი მიწის ნაკვეთით, ხოლო  წლის ბოლომდე  1 013 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი სახლები.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად,  2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი  გამოიყო. აღნიშნული თანხა მიგრანტებისთვის სარეინტეგრაციო მომსახურების გასაწევად, გრანტის სახით 12 არასამთავრობო  ორგანიზაციებზე  გაიცა. არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩევა კონკურსის წესით განხორციელდა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ლტოლვილების და რეპატრიანტების მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

დასასრულს სოზარ სუბარი შეეხო უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებში წითელი ჯვრის ეგიდით სამინისტროს საქმიანობას. დღემდე, სამინისტროსა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის  8 შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრებზე მიღწეულ იქნა   შეთანხმება, რომლის საფუძველზეც გადაწყდა  სოხუმის ბაბუშერას და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაო მიზნობრივი  ექსჰუმაციის ჩატარების საკითხი.  2013-2015 წლებში ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში, წითელი ჯვრის დახმარებით, მოხდა 60 ცხედრის გადმოსვენება აფხაზეთიდან, აქედან, იდენტიფიცირებულია 21 ნეშტი, რომლებიც სამხედრო პატივით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ამ ეტაპზე გრძელდება მოლაპარაკებები სხვა სამარხების გახსნისა და ცხედრების გადმოსვენების შესახებ.