სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას, „ღია მმართველობის“ ფორმატში სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარუდგინა და საზოგადოებას პენიტენციური სისტემის მიღწევები და არსებული გამოწვევები გააცნო.
„ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის ოქტომბრიდან მიიღო გამოწვევა, აირჩია განვითარების რთული გზა და აიღო გამჭვირვალე, ლიბერალური კურსი, რომელიც პატიმართა უფლებების მაქსიმალურ დაცვას და მათთვის პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.
ჩვენი მთავარი მონაპოვარი, გარდა რევოლუციური ცვლილებებისა, რომელიც სისტემაში განვახორციელეთ, არის ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხატული ნდობა და უწყების ახალი იმიჯი, ახალი სახე, რომელიც დღეს ყველა თანამედროვე სტანდარტს და მოთხოვნას პასუხობს. რეფორმები, რომელიც გავატარეთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცენდენტოა თავისი არსით, რადგან დღეს პატიმარზე ზრუნავს სახელმწიფო!
ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა, რომელიც თავიდან ბოლომდე, მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებთან ერთად, უწყების თითოეული თანამშრომლის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ უამრავ საკანონმდებლო თუ სხვა ხასიათის რეფორმაზე გაამახვილა, რომელთა შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი. 40-მდე კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, ასევე, დაიწერა ერთი სრულიად ახალი, საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“.
კახა კახიშვილმა ის მთავარი კომპონენტები გამოჰყო, რომლებზეც სამინისტრო სამწლიანი მუშაობის პერიოდში აქცენტს აკეთებდა. ესენია :
მართვის სისტემის გაუმჯობესება და მმართველი რგოლის კონსოლიდაცია, რამაც ძლიერი სამსახურის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
მწყობრი საკადრო პოლიტიკის ჩამოყალიბება, გამართული სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, სისტემის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება. მათთვის სათანადო სამართლებრივი და სოციალური გარანტიების შექმნა, ზრუნვა მათ უსაფრთხოებასა და განათლებაზე.
სასჯელაღსრულების სისტემის ინტეგრირება ცენტრალურ აპარატთან, რაც ერთიანი ტოპ-მენეჯმენტის პირობებში სისტემაზე კონტროლს აძლიერებს. შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი მომზადდა, სასჯელაღსრულების სისტემის მართვის თანამედროვე მოდელზე გადასასვლელად და ციხეების მართვის დეცენტრალიზაციისთვის.
„ სწორედ ამ რეფორმების შედეგად, ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში შევძელით ის, რომ:
პენიტენციური დეპარტამენტი გაუქმდა და დაექვემდებარა სასჯელაღსრულების სამინისტროს
გავაუმჯობესეთ პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა და პირობები
გავზარდეთ მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ფართი და გავუთანაბრეთ ევროპულ სტანდარტებს
დავიწყეთ მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია და შესაბამის დაწესებულებებში გადანაწილება
პირველადი სამედიცინო დახმარება დღეს უკვე ხელმისაწვდომია ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში
დავამტკიცეთ პენიტენციური ჯანდაცვის ახალი სტანდარტი, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით და უმაღლეს სტანდარტს პასუხობს
მკვეთრად შემცირებულია ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა
C ჰეპატიტის პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგი გაიარა 11 000-მა მსჯავრდებულმა, 500 მათგანი პროგრამაში ჩაერთო და დღეს მათგან 90% სრულად განიკურნა დაავადებისგან.
ასევე დავიწყეთ C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების მკურნალობა პრეპარატ სოფოსბუვირით, რაც კიდევ უფრო მაღალ ხარისხს და შედეგს განაპირობებს. ამ დროისთვის პროგრამაში ჩართულია 125 მსჯავრდებული.
დავნერგეთ კვების ახალი სტანდარტი
გავზარდეთ პაემნების რაოდენობა და გავაფართოვეთ მნახველთა წრე
სახალხო დამცველის აპარატს მიენიჭა პენიტენციურ დაწესებულებაში ფოტოგადაღების უფლება
ავამოქმედეთ სრულიად ახალი ტიპის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება
განვაახლეთ და ევროპული სტანდატრების შესაბამისად მოვაწყვეთ პენიტენციური დაწესებულებები
დავასაქმეთ 380-მდე პირობით მსჯავრდებული
პარტნიორებთან ერთად დავნერგეთ სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამები პირობით მსჯავრდებულებისთვის.
დაინერგა არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის მოხდის ახალი ფორმა - შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით...
და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მზადდება ბრძანების პროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს საშუალებას მისცემს იმუშაონ პენიტენციური დაწესებულების გარეთ და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. მუშავდება მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ გაყიდონ მათ მიერ შექმნილი ნივთები და მიიღონ შესაბამისი საფასური“ - განაცხადა კახა კახიშვილმა და მხარდაჭერისთვის მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს გადაუხადა.
მინისტრის მისალმების შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა სამინისტროს სხვადასხვა სამსახურების მიერ გაწეულ სამუშაოსა და შედეგებზე დეტალურად ისაუბრეს.