ვინ დგას შვეიცარიული კომპანიის უკან, რომელიც სახელმწიფოსგან მილიონობით ლარს მიიღებს
ნოდარ ხადურმა უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების წესის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ფინანსთა სამინისტრო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აპირებს ნაციონალური მოძრაობის ფავორიტ შვეიცარიულ კომპანია „სიქპას“ სახელმწიფოს ფულიდან ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ლარი გადაუხადოს.
უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების რეგულაცია წინა ხელისუფლების პროექტია, რომლის ამოქმედება ახალმა ხელისუფლებამ ჯერ შეაჩერა, შემდეგ გადადო, ამჟამად კი ფინანსთა სამინისტრო აქტიურად ცდილობს, აამოქმედოს. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, რომელიც თავდაპირველად მარკირების წინააღმდეგი იყო და მაშინდელი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით რეგულაციის ამოქმედება გადადო, დღეს პოზიცია შეიცვალა და თავად არის ამოქმედების ინიციატორი.
მეწარმეები ახალ რეგულაციას აპროტესტებენ. ისინი უკვე 3 თვის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვენ ხელისუფლებასთან შეხვედრას. მათი არგუმენტების მოსმენის სურვილი არც მინისტრს და არც პრემიერს არ გამოუთქვამთ - ხელისუფლება ბიზნესს არ ხვდება. მეწარმეები აცხადებენ, რომ 3 თვის მანძილზე მათი კომუნიკაცია ცალმხრივია და პასუხიც კი არ მიუღიათ.
ვინ არის შვეიცარიული კომპანია „სიქპა“, რომელიც ელექტრონული მარკირების განხორციელებისთვის ყოფილმა ხელისუფლებამ დაიქირავა? ამის შესახებ კითხვები მაშინვე გაჩნდა და კორუფციულ გარიგებაზეც აქტიურად საუბრობდნენ.
მარკირების პროექტის სულის ჩამდგმელი და „სიქპას“ ლობისტი ზურაბ ადეიშვილის ფავორიტი ჩინოვნიკი ჯაბა ებანოიძე გახლდათ. ებანოიძე ადეიშვილთან ერთად ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე იყო ბრალდებული. მას ბრალად ედებოდა „დახმარება ქონების გადამალვაში, მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგებით, დახმარება ყალბი საანგარიშსწორებო ან საკრედიტო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.“ ებანოიძემ ბრალი აღიარა: "რამდენიმე მუხლით არის წაყენებული ბრალი, მაგრამ გარკვეულწილად ვაღიარებ ამ ბრალდებას და დანარჩენი გადაწყდება სასამართლო პროცესზე". მას სასამართლომ გირაოს თანხად 30 000 ლარი შეუფარდა.
„სიქპას“ პარტნიორი და ნდობით აღჭურვილი პირები საქართველოში არიან „„ ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისის ჯორჯიას“ დამფუძნებლები - ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც დღეს, როგორც ადვოკატი, „რუსთავი 2“-ს იცავს და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი გიორგი ყავლაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ ყოფილი ხელისუფლების „სპეცოპერაციების კარგი მომკვარახჭინებელი იყო“. „სიქპა სექიურითი ჯორჯიას“ დირექტორი გიორგი ჯიქია თაღლითობაში და დოკუმენტების გაყალდებაში გახლდათ ბრალდებული.
შვეიცარული კომპანიის შერჩევაც საეჭვო ვითარებაში მოხდა: კომპანია "სიქპა სექიურითი სოლუშენს ჯორჯია" 2008 წლის 4 აპრილსაა დაფუძნებული, კონკურსში მონაწილე კომპანიებისთვის კი დაწესებული იყო ხუთწლიანი გამოცდილების მოთხოვნა. თუმცა, ამ პირობას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ „სიქპას“ 2011 წლის 10 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი მოეგო. დაირღვა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მარკირების მომსახურებას განახორციელებდა "შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი." მაშინდელი შემოსავლების სამსახურის მიერ დარღვევით შერჩეულ კომპანიას, ხადურის გადაწყვეტილებით, დღევანდელი შემოსავლების სამსახური გადაუხდის ფულს.
წინა ხელისუფლების მთავრომაბ, შვეიცარიული კომპანიის სასარგებლოდ, მარკირების საფასურად მაღალი გადასახადი დააწესა - 1000 ბოთლზე 5,5 ევრო. ეს იმ სამუშაოს თვითღირებულებას, რაც სიქპას უნდა განეხორციელებინა, 200-ჯერ აღემატებოდა.
ახლანდელმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სიქპასთვის დაპირებული მოგება ცოტა შეამცირა - 1000 ბოთლზე 10 ლარამდე, დღგ-ს გარეშე. ამჟამად „სიქპა“ 100-ჯერ მეტს მიიღებს ბიუჯეტიდან, ვიდრე მას ეს დაუჯდება.
მაგრამ, ხადურმა „გამოსავალი“ მოძებნა. თუ წინა ხელისუფლება აპირებდა გადასახადი ბიზნესისთვის აეკიდებინა ტვირთად, ნოდარ ხადურმა ეს ტვირთი ბიუჯეტს აჰკიდა.
ხადურმა გადაწყვიტა შვეიცარიულ კომპანიას ფული ბიუჯეტის ხარჯზე მოაგებინოს. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ელექტრონული მარკირების საფასურს შემოსავლების სამსახური გადაიხდის.
თუ თავად შემოსავლების სამსახურის ინფორმაციას დავეყრდნობით, წელიწადში ბაზარზე დაახლოებით 500 მილიონი ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებული არაალკოჰოლური სასმელი ბრუნავს. ხადურის მიერ დადგენილ ფასზე თუ გადავამრავლებთ, ბიუჯეტს სღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით 6 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს „სიქპასთვის“ წელიწადში.
ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებისთვის და ბიზნესისთვის არანაირი არგუმენტი არ წარუდგენია მარკირების აუცილებლობის დასასაბუთებლად. სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერ დათვლილი არ აქვთ, რა დაუჯდება შემოსავლების სამსახურს ახალი რეგულაცია წლის განმავლობაში. არც იმას ხსნიან, როგორ დათვალეს მომსახურების ფასი. ვერც იმას ასაბუთებენ, არის თუ არა დღეს ბაზარზე იმ მასშტაბის აღურიცხავი პროდუქცია, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარის გადახდა ღირდეს.
წინა ხელისუფლების მიერ ლობირებული წესი, უალკოჰოლო სასმელების მარკირების შესახებ დღეს ფინანსთა სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ აღმოჩნდა. წინა ხელისუფლების მიერ კანონდარღვევით შერჩეულ კომპანიას, რომელიც ისევ მათი ბრძანებით და დადგენილი ფასით უნდა გამდიდრებულიყო, დღევანდელმა ხელისუფლებამ დაახლოებით იგივე პირობები შეუნარჩუნა და თანხაც გარანტირებულად, სახელმწიფოს შემოსავლებიდან შესთავაზა.