ჟენევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ანტონიო გუტიერეშს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვახტანგ ყოლბაია, „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხელმძღვანელი, თეიმურაზ ბაქრაძე, ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, შალვა ცისკარაშვილი და ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის I მდივანი, თემურ ფიფია.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან შეხვედრისას ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაბრუნების უფლების რეალიზაციაზე და ამ მხრივ არსებულ ხელისშემშლელ ფაქტორებზე. საუბარი ასევე შეეხო ლტოლვილებსა და იძულებით ადგილნაცვალ პირებთან მიმართებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკას, მათ შორის ინტეგრაციის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური დახმარების კუთხით განხორციელებულ პროექტებს.
ქართულმა მხარემ ბატონ გუტიერეშს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებების 33-ე რაუნდის შედეგებზე, მეორე სამუშაო ჯგუფში შექმნილ მდგმარეობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ჟენევის პროცესში UNHCR-ის როლის მნიშვნელობას.
ბატონმა გუტიერეშმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის საქმიანობა დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებზე და იმედი გამოთქვა რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.