ბიზნესომბუდსმენის გიორგი გახარიას მიერ საინფორმაციო სააგენტო ipress-ისთვის მიცემული ინტერვიუ ჩვენს გაოცებას იწვევს. საკვირველია, როცა ბატონი გიორგი გახარია ამბობს, რომ მას არ აქვს მყარი არგუმენტი უალკოჰოლო პროდუქციის სავალდებულო ელექტრონული მარკირების შესაჩერებლად.
უპირველესი არგუმენტი ისაა, რომ ჩვენ ფინანსთა სამინისტროს, გადამოწმების მიზნით, აღრიცხვიანობის კონტროლის უდანახარჯო გზას ვთავაზობთ. ჩვენი საწარმოო ხაზები აღჭურვილია სისტემებით, რომლის ჩართვის შემთხვევაში, სამინისტროს შესაძლებლობა ექნება ონლინ რეჟიმში აკონტროლოს წარმოება. ჩვენ მზად ვართ ეს სისტემები ჩავრთოთ და პირდაპირი წვდომა მივცეთ სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
რას მოგვცემს ეს?
1. აღრიცხვიანობის კონტროლის მექანიზმს;
2. სამინისტრო არ იქნება იძულებული ბიუჯეტიდან გაიღოს საკმაოდ სოლიდური ხარჯი უცხოური კომპანიისთვის, რომელმაც უნდა გაწიოს მარკირების სერვისი, და რომელიც ამ სერვისში ნიშანდების რეალურ თვითღირებულებაზე დაახლოებით 100 - ჯერ მეტს ითხოვს;
3. ყოველწლიურად დაიზოგება დაახლოებით 5 მილიონი ლარი, რომელიც მისცემს ბიუჯეტს საშუალებას, ეს თანხა მოსახლეობისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სფეროების დაფინანსებაზე მიმართოს.
არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის მიერ ბიზნესომბუდსმენს წერილობითი ფორმით არაერთხელ წარედგინა არგუმენტების საკმაოდ ვრცელი ნუსხა. უცნაურია, რომ ბატონ გიორგი გახარიას არ უჩნდება კითხვა ფინანსთა მინისტრის მიმართ, რომელსაც დღემდე არც მისთვის, არც მეწარმეებისთის და არც საზოგადოებისთვის ერთი არგუმენტიც კი არ წარუდგენია. დასანანია, რომ მისთვის ჩვენი არგუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ორგანიზებისთვის. კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ პრემიერთან შეხვედრის ფარგლებში არის შესაძლებელი.
სამწუხაროა, რომ ეპისტოლარული ჟანრი გახდა ჩვენი ურთიერთობის ერთადერთი საშუალება.