პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა და კომპანია „3M electronic monitoring“-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეიალ დალითმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის - შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია - „3M electronic monitoring“-ისგან სპეციალიზირებული აპარატურა შეისყიდა.
ხელშეკრულების მიხედვით, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, დაინსტალირდება სპეციალური სერვერი, სადაც განთავსდება მონაცემთა ბაზა. ამავდროულად, სააგენტოს გადაეცემა ელექტრონული მონიტორიგისთვის საჭირო აპარატურა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი არსოშვილის განცხადებით, კომპანია „3M electronic monitoring“-თან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ელექტრონული მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგია ინერგება და შინაპატიმრობის აღსრულება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით მოხდება.
„კომპანია „3 M“ მაღალი ხარისხის ტექნოლოგიას გვთავაზობს, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება მსჯავრდებულებისთვის და რაც მთავარია, უშეცდომო იქნება იმ ინფორმაციის მიწოდებაში, რომელიც შინაპატიმრობამისჯილი მსჯავრდებულების კონტროლს უკავშირდება. ეს პროეტი ხელს შეუწყობს საქართველოში არასაპატიმრო სანქციების ეფექტურად და ინტენსიურად გამოყენებას,“ _ აღნიშნა გიორგი არსოშვილმა.
„3M electronic monitoring“-ის ვიცე-პრეზიდენტის ეიალ დალითის განცხადებით, შინაპატიმრობის კონტროლის მოწყობილობები გარდა იმისა, რომ შინაპატიმრობაში მყოფი პიროვნების კონტროლის საშუალებაა, ასევე, დარღვევების პრევენციის საშუალებასაც იძლევა და შეტყობინებას აგზავნის სათანადო უწყებაში.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, „3M electronic monitoring“-ის ექსპერტები ელექტრონული მონიტორინგის სისტემის ექსპლუატაციის საკითხებზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელებს გაადამზადებენ. ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ელექტრონული მონიტორინგის სისტემისა და აპარატურის 3 წლის განმავლობაში მომსახურება.
„3M electronic monitoring“ ელექტრონული მონიტორინგის სფეროში, ერთ-ერთი ლიდერი კორპორაციაა. მათ მიერ წარმოებულ ელექტრონული მონიტორინგის ტექნოლოგიებს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, წარმატებით იყენებს.