ფინანსთა სამინისტრო უალკოჰოლო სასმელების მარკირებაში ღირებულებაზე 100-ჯერ მეტის გადახდას აპირებს

ფინანსთა სამინისტრო უალკოჰოლო სასმელების მარკირებაში ღირებულებაზე 100-ჯერ მეტის გადახდას აპირებს

არალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთი წერილით მიმართეს და მასთან შეხვედრა მოითხოვეს. მეწარმეები უკვე თითქმის 3 თვეა ფინანსთა მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება უალკოჰოლო სასმელების მარკირების თაობაზე არასამართლიანი და დაუსაბუთებელია.

„ბატონო პრემიერო, არალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები კატეგორიულად ვგმობთ 2015 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონი ნოდარ ხადურის მიერ ჩატარებულ აქციას მარკირების თემაზე. ვფიქრობთ, მინისტრი ამ სახის   კამპანიით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მისი გზავნილი, „მარკირება ხალხის საკეთილდღეოდ“ აბსოლუტურად ცინიკურია, მით უფრო მაშინ, როცა საქმე გვაქვს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან. მეტიც, უცხოური კომპანიისთვის ბიუჯეტიდან გადასახდელი ანაზაღაურება არაალკოჰოლური პროდუქციის ელექტრონული მარკირების სერვისისათვის ამ მომსახურების თვითღირებულებაზე 100-ჯერ მეტია. მაშინ, როცა ჩვენ ვთავაზობდით და ახლაც ვთავაზობთ  ხელისუფლებას გადამოწმების მიზნით აღრიცხვიანობის წარმოების უდანახარჯო საშუალებას. “ - მიმართავენ ბიზნესმენები პრემიერს.

მეწარმეები აცხადებენ, რომ საფასური, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო შვეიცარიულ კომპანია „სიქპას“ მარკირების მომსახურებისთვის გადაუხდის, შესრულებული სამუშაოს თვითღირებულებაზე 100-ჯერ მეტია.

არაალკოჰოლური სასმელების მარკირების შესახებ გადაწყვეტილება ყოფილმა ხელისუფლებამ მიიღო. შვეიცარიული კომპანია „სიქპაც“ სწორედ მაშინ შეირჩა. კითხვები ჩატარებული ტენდერის სამართლიანობის და შერჩეული კომპანიის მიმართ თავიდანვე გაჩნდა. ახალმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების დადებული ხელშეკრულების ამოქმედება შეაჩერა და მარკირების პროცესი გადადო. პირველად ეს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით მოხდა. შემდეგ რამდენჯერმე გადადო ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიზნესმენებს იმედი აქვთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მათ შეხვდება, მოუსმენს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - „გვსურს კვლავ დავადასტუროთ ჩვენი მზაობა  თქვენთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა უშუალოდ და ამომწურავად გაგაცნოთ ჩვენი არგუმენტები და წინადადებები ამ საკითხის გარშემო. მიგვაჩნია, რომ ელექტრონული მარკირების ახალი რეგულაცია არც სამართლიანია და არც ეფექტიანი. ამასთან, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პოზიცია ფინანსთა მინისტრმა არ მოისმინა და გადაწყვეტილება ჩვენგან დამოუკიდებლად მიიღო. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება თქვენს დაპირებას, რომ მთავრობა ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე რეგულაციებს არ შეცვლიდა და/ან ახალს არ დააწესებდა. შესაბამისად,  დარწმუნებულები ვართ, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ თქვენთან შეხვედრის ფარგლებში არის შესაძლებელი.” - ნათქვამია პრემიერისადმი მიმართვაში.