სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის 66-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის 66-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი  სოზარ სუბარი ჟენევაში,  გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის 66-ე სხდომაზე, გენერალურ დებატებზე,  სიტყვით წარსდგა.

მინისტრმა განმარტა დევნილთა და ლტოლვილთა კუთხით არსებული ზოგადი ვითარება საქართველოში. სოზარ სუბარმა ისაუბრა სირიიდან, ერაყიდან, უკრაინიდან და ავღანეთიდან ლტოლვილთა გაზრდილ შემოდინებაზე საქართველოში და მწუხარება გამოთქვა, რომ მსოფლიო მასშტაბით ლტოლვილთა რიცხვი გაიზარდა.

„ამ საკითხში საქართველო მხარს უჭერს ევროკავშირის პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ საერთო ძალებით შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრმა  ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მხრივ სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. სოზარ სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ლტოლვილისა და საერთაშორისო საჭიროების მქონე სხვა პირთა შესახებ  საქართველოს კანონზე.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა დევნილთა განსახლებისა და ინტეგრაციის კუთხით   სამინისტროს მიღწევებსა და დაგეგმილ აქტივობებზე. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების დიდი რაოდენობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ამ მიმართულებით დახმარების აღმოჩენისკენ.

სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე, ყურადება გაამახვილა მავთულხლართების აღმართვასა და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებს შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს  ჟენევის დისკუსიებში აქტიური ჩართულობისთვის და გაეროს ლტოლვითა უმაღლეს კომისარიატს დევნილთა და ლტოლვილთა მიმართულებით გატარებული ღონისძიებებისთვის.

მინისტრის გამოსვლა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ანტონიო გუტიერეშმა შეაფასა.

„მე ძალიან მომწონს თქვენი პოლიტიკა დევნილთა ინტეგრაციის მიმართულებით. ხშირად ქვეყნები გადაადგილებულ პირებს ცუდ პირობებში ამყოფებენ იმისთვის, რომ ეს თემა პროპაგანდის იარაღად გამოიყენონ. თქვენ გაგაჩნიათ ძლიერი პროაქტიური პოლიტიკა, რომელიც გარანტიას აძლევს იძულებით გადაადგილებულებს იცხოვრონ ღირსეულად, რა თქმა უნდა, დაბრუნების უფლების  შენარჩუნებით. ჩვენ ასევე მივესალმებით თქვენს პოლიტიკას თავშესაფრის საკითხებში“, - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.

სოზარ სუბარის ვიზიტი ჟენევაში კვირის ბოლომდე გასტანს. დაგეგმილია შეხვედრა მინისტრსა და ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შორის.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველო გახდა გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ქვეყანა.