სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც 2013-2014 წლებში კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებულ ტენდერებს და ამავე წლებში გაცემულ პრემიების საკითხს ეხება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ როგორც იმდროინდელი დოკუმენტაციით ირკვევა, კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2013-2014 წლებში ჩატარებულ ტენდერებში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას შეეძლო და ამ კუთხით რაიმე სახის შეზღუდვა არ ყოფილა.

ამავე დოკუმენტების თანახმად, დროის უქონლობის გამო შეიქმნა ექსტრემალური ვითარება და სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც თავიდან აიცილა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა კვების ორგანიზების ჩაშლა.

რაც შეეხება 2013-2014 წელს გაცემული პრემიების საკითხს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თვლის, რომ როგორც კვების ტენდერების, ისე პრემიების გაცემის საკითხში, შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მიმართოს მთავარ პროკურატურას კანონით დადგენილი წესით გამოძიების დაწყების მიზნით.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიესალმება, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, ობიექტური გამოძიების მხრიდან ჭეშმარიტების დადგენას და მომავალშიც მზადყოფნას გამოთქვამს იყოს ღია და გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე.