კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა

კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით, 6 ოქტომბერს მოლდოვის რესპუბლიკაში მიემგზავრება.

კახიშვილი კიშინიოვში მოლდოვის იუსტიციის მინისტრმა ვლადიმირ ჩებოტარმა მიიწვია.

ვიზიტის ფარგლებში, იგი მოლდოვის იუსტიციის მინისტრს ვლადიმირ ჩებოტარს შეხვდება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი პენიტენციური ინსტიტუტის დეპარტამენტში მოლდოვის პენიტენციური სისტემის შესახებ პრეზენტაციას დაესწრება. ღონისძიებაზე პენიტენციური სისტემის რეფორმების სტრატეგიასა და მიღწევებს განიხილავენ. გარდა ამისა, საუბარი შეეხება პენიტენციური რეფორმის კონცეფციას, მათ შორის საკანონმდებლო ასპექტებს, საუკეთესო პრაქტიკას, რეკომენდაციებსა და არსებულ გამოწვევებს.

კახა კახიშვილი  პრობაციის ცენტრალურ ოფისსაც ეწვევა, სადაც მოლდოვის პრობაციის სისტემას გაეცნობა. მხარეები ერთმანეთს ამ სფეროში არსებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ინფორმაციას გაცვლიან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, N15 პენიტენციურ დაწესებულებასაც დაათვალიერებს, რომელიც ქალაქ კრიკოვაში მდებარეობს.

კახა კახიშვილი საქართველოში 10 ოქტომბერს დაბრუნდება.