2015 წლის 3 ოქტომბერს 12.00 საათზე დავით აღმაშენებლის აკადემია სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებას აწყობს. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანი მიროტაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, ინგა ზაბახიძე, ელისო ჩაფიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე. ასევე, სხვადასხვა უწყებებისა და სამინისტროების წარმომადგენლები. აკადემია მოწვეული სტუმრებიდან აირჩევს საპატიო პროფესორს და გადასცემს მას საპატიო პროფესორის დიპლომს. ღონისძიების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის აკადემია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს სხვადასხვა უწყებებთან.
ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე აკადემიას უსახსოვრებს აკაკი შანიძის ბიბლიოთეკაში დაცულ სასწავლო ლიტერატურას. მოეწყობა აკადემიის მიერ გამოცემული იმიჯმეიქინგის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. (ავტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია ქავთარაშვილი)
3 ოქტომბერს დავით აღმაშენებლის აკადემიის ღონისძიების ფარგლებში გაიმართება რამოდენიმე საქველმოქმედო აქცია: წითელი ჯვრის ტყიბულის ორგანიზაცია დახმარებას გადასცემს 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს. წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ქართველი მხატვრების საქველმოქმედოდ გამოტანილი ნამუშევრები. შემოსული თანხა მოხმარდება ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის (წინამძღვარი მამა ვახტანგ აბდუშელიშვილი) რეაბილიტაციას.