სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადება

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ „ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის“ (CPT) ანგარიში CPT-ის რეგლამენტის სრული დაცვით გამოქვეყნდება.

სამინისტრო ითვალისწინებს CPT-ის რეგლამენტის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, სახელმწიფოსთვის გადაცემული ანგარიში კონფიდენციალურია. ამავე რეგლამენტის და წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომიტეტისგან მოითხოვს ანგარიშის სრულად გამოქვეყნებას სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ კომენტარებთან ერთად. 

საქართველოს მთავრობის სათანადო სტრუქტურები, მათ შორის სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები,  მინისტრის დავალების თანახმად და CPT-ის ოფიციალური წერილის შესაბამისად, კომენტარებზე მუშაობენ, რომლისთვისაც ექვსთვიანი ვადაა განსაზღვრული. სამინისტრო შესაბამის კომენტარებს ახლო მომავალში, ვადის ამოწურვამდე წარადგენს. ანგარიში უწყებამ CPT-სგან მიმდინარე წლის 31 ივლისს მიიღო.  

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ღიაა CPT-სთან და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის, ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს. სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის გამჭვირვალობა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, შესაბამისად, ანგარიში ყველა პროცედურის დაცვით გამოქვეყნდება.