4 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირს 110 წელი უსრულდება. ეს არის საუკუნოვანი ისტორია, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს ინახავს. იუბილესთან დაკავშირებით საკონცერტო დარბაზ "არტ-ჰოლში" საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის რკინიგზელები ესტუმრებიან. რკინიგზელთა პროფკავშირების საუკუნოვან ისტორიასა და ამჟამინდელ ცხოვრებაზე რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს ზურაბ ნასარიას ვესაუბრეთ.
- როდის დაიგო პირველი ლიანდაგი და როდის შეიქმნა პირველად რკინიგზის პროფესიული კავშირი?
- ძალიან საამაყოა ჩვენთვის, რომ საუკუნეს გადავაბიჯეთ. საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის დაფუძნებასთან დაკავშირებით მეტად საინტერესო ისტორიული ფაქტები, ფრაგმენტები და ფოტომასალაა მოპოვებული.
1871 წელს გაიხსნა პირველი სარკინიგზო ხაზი ფოთი-ზესტაფონის მიმართულებით, ხოლო 1872 წელს თბილისი სარკინიგზო მაგისტრალის საშუალებით დაუკავშირდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფოთის საზღვაო პორტს. 1883 წელს სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყო აზერბაიჯანთან, ხოლო 1899 წელს სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და სომხეთს შორის გაიხსნა. პარალელურად მიმდინარეობდა რკინიგზის შიდა განშტოებების მშენებლობა ყველა რეგიონში. ეს ყველაფერი დაქირავებული მუშების ექსპლუატაციის ხარჯზე ხდებოდა. სამუშაო დღის ხანგრძლივობა 16 საათს აღწევდა შრომის მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ. შექმნილმა გაუსაძლისმა მდგომარეობამ მუშათა ინტერესების და ყოფითი პირობების დასაცავად ბიძგი მისცა საქართველოს რკინიგზაზე ჩამოყალიბებულიყო მუშათა ინტერესების დამცველი პროფესიული ნიშნით მებრძოლი ორგანიზაცია, ანუ პროფესიული კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირების ლეგალიზაციის შესახებ ე.წ. პირველი კანონები 1906 წელს გამოვიდა, ცალკეულმა დარგებმა ჯერ კიდევ 1905 წლის ბოლოს საგაფიცვო სალაროების ბაზაზე შეძლეს ლეგალურად შეექმნათ პირველი პროფესიული კავშირები, რომელთა შორის არის საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი.
- როგორ იცავდა რკინიგზის პროფკავშირები რკინიგზელთა უფლებებს საუკუნის წინ, და როგორ იცავს ახლა?
-საქართველოში რკინიგზელთა პირველი საყოველთაო გაფიცვა 1908 წლის შემოდგომაზე მოეწყო, რომლის მიზეზიც გახდა რკინიგზის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება - სამუშაო დღის საათობრივი ნორმების გაზრდა. საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი აქტიურად იყო ჩართული როგორც რეგიონის ასევე იმდროინდელი ევროპის პროფკავშირულ ცხოვრებაში და სოლიდარობის ნიშნად არაერთი მორალური თუ მატერიალური დახმარება გაუწევიათ, რასაც ადასტურებს სახვადასხვა პერიოდის საოქმო ჩანაწერები. 1998 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი "რკინიგზელთა და სარკინიგზო ტრანსპორტის მშენებელთა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის" წევრია, ხოლო 2000 წლიდან კი "ევროპისა და მსოფლიოს ტრანსპორტელთა პროფკავშირების (ბრიუსელი, ლონდონი) საერთაშორისო ფედერაციების" (IთF, EთF) წევრი ორგანიზაციაა.
რაც შეეხება ახლო წარსულს, 2014 წლიდან შეიცვალა რკინიგზელთა პროფესიული კავშირის სტრუქტურული მოწყობა. დღეს ჩვენ ვაერთიანებთ მონათესავე დარგების ელმავალმშენებლი და ვაგონმშენებელი ქარხნების მუშაკთა პროფესიულ კავშირებს. საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის მიერ მიღწეულ იქნა დეკრეტულ შვებულებაში 3 თვის სახელფასო სარგოს გაცემის საკითხი. თბომავლის მემანქანეებისა და თანაშემწეების მავნე და მძიმე პირობებში დასაქმებულებთან გათანაბრება. მომზადდა სპეცტანსაცმლის, სპეცფეხსაცმლისა და სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ტექნიკური დავალების ნიმუში, რამაც ერთი ორად შეცვალა მათი ხარისხი. 2013-2015 წლების კოლექტიური ხელშეკრულების ვალდებულებების შესაბამისად ამოქმედდა შრომის დავების მომწესრიგებელი კომისია და სხვა.
-თქვენ აღნიშნეთ, რომ რეგიონში ლიდერის ფუნქცია საქართველოს რკინიგზის პროფკავშირებმა უნდა აიღონ, რა გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით?
-რკინიგზელების ინტერესების დაცვაზე ვზრუნავთ არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ორჯერ ვიყავით მიწვეული სომხეთში, სომხეთის რკინიგზელთა პროფკავშირის თხოვნით. და მოლაპარაკებებში ჩვენი ჩართულობით მივაღწიეთ იმას, რომ რკინიგზელთა პროფესიული კავშირსა და რკინიგზის ხალმძღვანელობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი კომისიის შექმნსა და კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ამ კომისიის მუშაობას. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობს აზერბაიჯანის რკინიგზასათან და მონაწილეობას ვიღებთ ერთობლივ კულტურულ ღონისძიებებში.