მიუხედავად დაღვრილი სისხლისა, უსახლკაროდ დარჩენილი დევნილებისა, მჯერა ისევ დავიბრუნებთ ერთმანეთს

მიუხედავად დაღვრილი სისხლისა, უსახლკაროდ დარჩენილი დევნილებისა, მჯერა ისევ დავიბრუნებთ ერთმანეთს

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დღეს გოჩა შილაკაძის, ტარიელ ოსტროვსკის, ზაზა ჯანხოთელის, აკაკი მიმინოშვილის და გაიოზ სეფერთელაძის საფლავები მოინახულეს, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

გარდაცვლილი ჯარისკაცების საფლავებთან ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს დილიდან შეიკრიბნენ.

გამგებლის დავალებით იმ სოფლებში, სადაც აფხაზეთში დაღუპული გმირების საფლავებია გამგებლის წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად იმყოფებოდნენ.

„ აფხაზეთის დაკარგვიდან 22 წლის თავზე კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი გმირები. სამშობლო არის ერთი და ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მზად მსხვერპლისთვის. ეს ბიჭები ჩვენი მომავალი თაობის მაგალითებად იქცნენ. მადლობა ყველას, ვინც მათ ვაჟკაცობას დღემდე აფასებს. მიუხედავად ამდენი დაღვრილი სისხლისა, დაკარგული ტერიტორიებისა და უსახლკაროდ დარჩენილი დევნილებისა, მჯერა, რომ ისევ დავიბრუნებთ ერთმანეთს “, - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის საომარი მოქმედებების დროს 20 ოზურგეთელი მეომარი დაიღუპა. მუნიციპალიტეტმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახებს პირად ანგარიშზე ფულადი თანხა გადაურიცხა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის 13 თვისა და 13-დღიანი ბრძოლის შემდეგ, სოხუმის დაცემით დასრულდა. ომმა აფხაზეთში 15 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.