სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით  ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპული გმირის ოჯახის წევრებს შეხვდა.

 “ცამეტი თვე და ცამეტი დღე გრძელდებოდა ეს ბრძოლა და სამწუხაროდ სოხუმის დაცემით დასრულდა.  ჟიული შარტავას შეეძლო დაეტოვებინა სოხუმი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა რომ ღირსება უფრო მაღალია. დარწმუნებული ვარ, როგორც ბატონი ჟიული შარტავა იბრძოდა იმისთვის რომ საქართველო ყოფილიყო ერთიანი ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ერთიანი. აღსანიშნავია რომ ჟიული შარტავა იყო პირველი ეროვნული გმირი საქართველოს ისტორიაში და ჩვენ უფლება არ გვქონდა, ამ უმძიმეს დღეს, სოხუმის დაცემის დღეს არ მოვსულიყავით ეროვნული გმირის საფლავზე და ადამიანურად არ მოვფერებოდით მისი იჯახის წევრებს“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.

ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ის ოცდაათამდე თანამებრძოლთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.