სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამინისტროს თანამშრომლებსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს სახალხო დამცველის ანგარიშში არსებული რეკომენდაციები, N3 და N7 დაწესებულებებში პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით არსებული ვითარება.
კახა კახიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები, თუ რისი გამოსწორება შეიძლება სისტემის მუშაობაში.
,,სახალხო დამცველს წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. მიმაჩნია და სახალხო დამცველიც ამას ეთანხმება, რომ რეკომენდაციების ასეთი ფორმით განხილვის პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ომბუდსმენის რეკომენდაციების რომელიმე საინფორმაციო საშუალებით გაგება,“ _ განაცხადა კახიშვილმა.
სახალხო დამცველის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს.
,,შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი დავაყენეთ, მათ შორის, N7, N3, N2 და სხვა დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა. ასევე, ვიმსჯელეთ პენიტენციურ დაწსებულებებში სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი დიალოგისა და კომუნიკაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება არსებული საკითხების მოგვარება,“ _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ამის საპასუხოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ომბუდსმენის აპარატს უფრო კონკრეტული წინადადებების მიწოდება სთხოვა, რომელიც პატიმრების რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
ომბუდსემენის აპარატსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შორის მორიგი შეხვედრა 29 სექტემბერს ჩაინიშნა.