სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დღეს გამართულ სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პრობაციის სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ახალ მიდგომებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ პატიმრების რაოდენობა შემცირდეს და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ციხეში.
„ჩვენ ვმუშაობთ აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის დანერგვაზე. ძალიან მალე გადავალთ ვიდეომონიტორინგის სისტემაზე და სამაჯურებით დავიწყებთ შინაპატიმრობის კონტროლს, რაც სერიოზული ნოვაციაა ალტერნატიული სასჯელების მიმართულებით. ამით პატიმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება,“ _ განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
კახა კახიშვილის თქმით, აღნიშნული სიახლის დანერგვის პროცესში საჭიროა ორი რამ: საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. სწორედ ერთ-ერთ ასეთი ტექნოლოგია იქნება ელექტრონული სამაჯური. მინისტრის თქმით, ელექტონული მონიტორინგის ცენტრი ოქტომბრის პირველ რიცხვებში გაიხსნება.