2015 წლის 15 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გალა-კონცერტი გაიმართება. ფესტივალი, რომლის დამფუძნებელია ცნობილი პიანისტი, UNESCO-ს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მხარდაჭერით 10 სექტემბერს გაიხსნა.
ფესტივალში წელს მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში აღიარებულმა მუსიკოსებმა სხვადასხვა ქვეყნიდან - საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი. შესრულდა კლასიკური მუსიკის შედევრები.
დასკვნითი საღამო დღეს, 15 სექტემბერს გაიმართება, სადაც თავად ელისო ბოლქვაძე დაუკრავს. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში ჩამოდის ლეგენდარული ტენორი ზურაბ სოტკილავა. კლასიკურ მუსიკასთან ერთად იქნება ფოლკლორიც, ანსამბლი „ქართული ხმები“ ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებს.
ამინდის გაუარესების გამო ფესტივალის დახურვის გალა კონცერტი, პიაცას ნაცვლად ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.
ფესტივალის დასკვნითი გალა-კონცერტი იუნესკოს 70 წლის იუბილეს ეძღვნება და მას იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად დაესწრება. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება სირიაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის UNESCO-ს ეგიდით შექმნილ დახმარების ფონდში.
BATUMI MUSIC FEST ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მესამე წელია ტარდება და მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. ფესტივალის ფარგლებში ტარდება მასტერ-კლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.
2015 წლის იანვარში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, გამოჩენილ ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს, მიენიჭა წოდება „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისათვის“. ამით ქართველი ხელოვანი შეუერთდა იმ გამოჩენილ მოღვაწეებს მთელს მსოფლიოში, რომლებსაც საკუთარი სახელით, დამსახურებით და მაღალი რეპუტაციით დიდი წვლილი შეაქვთ ორგანიზაციის ფასეულობების პოპულარიზაციის საქმეში.
დაარსების დღიდან ბათუმის მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში და საფრანგეთის საელჩო. 2015 წელს ბათუმის მუსიკალური ფესტივალი თანამშრომლობს აზერბაიჯანისა და თურქეთის საელჩოებთან.
ბათუმის მუსიკალური ფესტივალით დაიხურება ჰიტ ბათუმის პროგრამა. „ჰიტ ბათუმი 2015“ ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალური პროექტია, რომელსაც საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ბათუმის მერიასთან და საკრებულოსთან ერთად ახორციელებს.
პროექტი მოიცავდა 2 თვიან პერიოდს და ამ ხნის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჩატარდა სხვადასხვა მიმართულების ფესტივალები და გასართობი ღონისძიებები. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე ბათუმში ჩატარდა განსხვავებული ტიპის ივენთები ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის.