„სინათლის ქალაქმა“ ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე მდებარე 120-მდე სანათი ბოძი შეღება. სამღებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას „სინათლის ქალაქის“ დირექტორი ვასილ ხორავა, თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და მერიის კეთიმოწყობის სამსახურის წარმომადგენელები ადევნებდნენ თვალს. სამღებრო სამუშაოებზე „სინათლის ქალაქის“ 20 ერთეული ტექნიკა და 50 მუშახელი იყო დასაქმებული.
ხორავას თქმით, „სინათლის ქალაქი“ სამუშაოებს სპეციალურად ღამით ატარებს, რათა დღისით ავტომობილების გადაადგილება არ შეფერხდეს. "სინათლის ქალაქის" დირექტორის თქმით, გარე განათების ბოძების შეღებვა მთელი თბილისის მასშტაბით აქტიურ ფაზაშია შესული და 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის სანათი ბოძების აბსოლუტური უმეტესობა შეიღებება.
შეგახსენებთ, „სინათლის ქალაქი“ თბილისში არსებული გარე განათების ბოძების შეღებვას 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ახორციელებს. ამ დროისთვის სამღებრო სამუშაოები უკვე დასრულებულია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და აეროპორტის გზაზე, ასევე რუსთაველის გამზირზე. სულ, თბილისის მასშტაბით, 3 000 სანათი ბოძი შეიღებება.