რუსთაველის გამზირზე სანათი ბოძების სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე სანათი ბოძების სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე მთელი ღამის განმავლობაში გარე განათების ბოძების სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელსაც შპს „სინათლის ქალაქი“ აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოები წუხელ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და „სინათლის ქალაქის“ დირექტორმა ვასილ ხორავამ  ადგილზე მოინახულეს.

„სინათლის ქალაქის“ დირექტორი და მისი მოადგილეები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში  დარჩნენ და  სამღებრო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად აკვირდებოდნენ. ვასილ ხორავას თქმით, სამღებრო სამუშაოების შედეგად, თბილისის მთავარ გამზირსა და თავისუფლების მოედანზე 400-მდე სანათი ბოძი შეიღებება.

„როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქში გარე განათების ბოძების შეღებვა აქტიურად მიმდინარეობს. სამღებრო სამუშაოები  გარეუბნებიდან დავიწყეთ და  ახლა ცენტრალურ ქუჩებზე გადმოვინაცვლეთ. სამუშაოები ღამით სპეციალურად მიმდინარეობს, რათა დღის განმავლობაში დედაქალაქის მაცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ,“ - განაცხადა ვასილ ხორავამ.

„სინათლის ქალაქის“ დირექტორის თქმით, ბოძების შეღებვა უმაღლესი ხარისხის საღებავით ხდება და მათი გადაღებვა მომდევნო 7 წლის მანძილზე საჭირო აღარ იქნება. ხორავას თქმით, რუსთაველზე მიმდინარე სამუშაოებზე 21 ერთეული ტექნიკა და 60-მდე მუშახელია დასაქმებული. ვასილ ხორავას განცხადებით, ბოძების შეღებვა უახლოესი ორი ღამის განმავლობაში დასრულდება.

ამ დროისთვის სამღებრო სამუშაოები უკვე დასრულებულია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და აეროპორტის გზაზე. სულ, თბილისის მასშტაბით, 3 ათასი სანათი ბოძი შეიღებება.