გაზეთი "რეზონანსი" პროექტ "პანორამა თბილისის" შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ პროექტი დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან მის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.
სტატიის ავტორი წერს, რომ პროექტში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძლებული თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს, ბიუჯეტის ფული არ იხარჯება, ანუ ხალხის ჯიბიდან არაფერი მიდის. სამაგიეროდ, ის, თუ როგორ ერწყმის პროექტი ქალაქს, როგორ იმალება მასში და თანხვედრაშია ლანდშაფტთან, ზონას ტურისტებისთვის აშკარად მიმზიდველად აქცევს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმ ადგილას, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს, რბილად რომ ვთქვათ, ნაგავსაყრელი იყო და თბილისელებს სუფთა ჟანგბადით კი არა, ნაგვის სუნით გაჟღენთილი ჰაერით კვებავდა.
"რეზონანსი" ასევე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერი პროექტის განხორციელება ისე ხდებოდა, არავინ არავის არაფერს ეკითხებოდა და ყველაფერი ერთი კაცის გემოვნებაზე იყო მორგებული.
"პროექტი მხოლოდ მთაზე ასაშენებელ კომპლექსს არ გულისხმობს. პროექტი ერეკლე მეორის მოედნიდან დაიწყება, სადაც მოხდება ქარვასლის რეაბილიტაცია, თავისუფლების მოედანზე, ცეკავშირის შენობის ადგილას აშენდება ახალი, შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო და სოლოლაკის ქედზე კი მრავალფუნქციური კომპლექსი. ზუსტად სამ წუთში, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით, საბაგირო გზით, თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ზღაპარში მოხვდნენ. ბუნებაში, რომელიც ხელუხლებელია და ასევე დარჩება“,- ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პროექტის დირექტორი ირაკლი ქარსელაძე.
რაც შეეხება ინვესტიციას, როგორც „ოლდ სიტი დეველოპმენტის“ დირექტორი გიორგი ლილუაშვილი აცხადებს, პროექტის განხორციელებაში მილარდ ლარზე მეტი ჩაიდება და რაც მთავარია, არამარტო მშენებლები დასაქმდებიან, არამედ კომპლექსის დასრულების შემდეგ, იქ მომსახურე პერსონალისთვის მუდმივი სამუაო ადგილები შეიქმნება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ პროექტის განხორციელება ხმამაღლა და გამოთქმით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააპროტესტეს. საკრებულოში მათმა ფრაქციამ პირდაპირ თქვა, რომ ეს არის რეკრეაციული ზონის განადგურება და ეს მაშინ, როცა რეკრეაციული ზონის სტატუსი კომპლექსის ასაშენებელ ადგილზე მთლიანად ტერიტორიას კი არა, მხოლოდ იმ ნაწილს მოეხსნა, სადაც შენობები განთავსდება.
"საერთო ჯამში, უნდა მოიჭრას 126 ძირი ხე, რომელთაგან არცერთი არ არის ენდემური ჯიშის ან წითელ წიგნში შეტანილი სახეობა. ყველა ხე არის ე.წ. ელდარის ფიჭვი. სამაგიეროდ, იმავე პროექტის ფარგლებში უნდა დაირგოს 30 ათას ძირზე მეტი და სხვაობა ციფრებს შორის აშკარაა", - აცხადებენ პროექტის ავტორები.
სატიის ავტორი წერს, რომ პროექტი უცხოელმა არქიტექტორებმაც კი მოიწონეს.
"პროექტს გავეცანი და აღფრთოვანებული დავრჩი. პროექტის მოხაზულობა სრულად შეესაბამება მდებარეობას და ბუნებრივად ერწყმის გარემოს. ეს იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც კი ბოლო წლებში გაკეთებულა“,-ეს განცხადება ცნობილ იაპონელ არქიტექტორს, ჰიროკაზუ მორის ეკუთვნის.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ოპონენტთა პროტესტის ერთ-ერთი არგუმენტი - ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, იუნესკო თბილისის ძველ უბანს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღარ აღიარებსო, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან იუნესკომ ჯერ კიდევ 2001 წელს თქვა ოფიციალურად უარი თბილისის ამ უბნის ძეგლად აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ იქ არაერთი თანამედროვე ტიპის შენობა არის განთავსებული..
საერთაშორისო ორგანიზაციების მოწონების, ქართველი არქიტექტორების თანხმობის მიუხედავად, პროექტის ავტორებმა სხვადასხვა არასამთავრობოებთან და თბილისის მოსახლეობასთან უამრავი შეხვედრა გამართეს იმის ასახსნელად, თუ რა სიკეთეს მოუტანს "პანორამა თბილისი" არამარტო დედაქალაქს, არამედ მთლიანად ქვეყანას.
"რა აზრი აქვს შეხვედრებს, თუ პროექტს მაინც სოლოლაკის ქედზე განახორციელებენ და ადგილმდებარეობას არ შეუცვლიან. ჩემი აზრით, პროექტი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შედგეს“,-ეს განცხადება საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა, ალეკო ელისაშვილმა გააკეთა და მისი დამოუკიდებლობის მიუხედავად, მოსაზრება ერთი ერთში ემთხვევა ნაციონალების მოთხოვნას. რაც არ უნდა ითქვას, რეალობა ერთია - „პანორამა თბილისი“ დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს და ადგილს, რომელიც ნაგავსაყრელი იყო, თანამედროვე ტიპის კომპლექსად აქცევს. უცხოელ ექსპერტთა ვარაუდით, „პანორამა თბილისი“ არამარტო დედაქალაქის, არამედ ქვეყნის სავიზიტო ბარათი და ტურისტთათვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი იქნება", - წერს "რეზონანსი".