დევნილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

დევნილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომას მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილეები, ევროკავშირის პროექტების მენეჯერი ნატალი ჰულუ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სიმონე ვოლკენი,  FAO-ს პროექტების მენეჯერი დრაგან ანგელოვსკი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი თორნიკე ცაგარეიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე დაესწრნენ.

სოზარ სუბარმა საბჭოს წევრებს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების დეტალური ანგარიში წარუდგინა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა  "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემისა"   და „სოფლად სახლის“ პროგრამებზე. დაკანონების პროექტის ფარგლებში, 2015 წლის პირველ სექტემბრამდე საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე 10 000 დევნილი ოჯახი გახდება.

მინისტრმა ასევე ისაუბრა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ობიექტების რეაბილიტაციასა და ახალ მშენებლობებზე.  გორში, 480 დევნილი ოჯახისათვის ახალი კორპუსები აშენდება, რაც პრაქტიკულად გადაწყვეტს გორში დევნილთა განსახლების მწვავე პრობლემას, მსგავსი ვითარებაა ხაშურსა და ახალციხეშიც.

საბჭოს წევრების დიდი ინტერესი გამოიწვია სამინისტროში მოქმედმა ახალმა პროექტმა, რომელიც დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვას ითვალისწინებს.

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს დროებითი საექსპერტო ჯგუფების შექმნის საკითხი.  შეიქმნა სამი საექსპერტო ჯგუფი: სტატუსიდან საჭიროებაზე მორგებულ დახმარებაზე გადასვლის, საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწისა და პრივატიზაციის პროცესის მონიტორინგის.