საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეს კახა ცაბაძეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მოუვიდა ოფიციალური წერილი, რომლითაც აცნობეს, რომ „საქართველოს კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის“ გადაწყვეტილებით, მის მიერ შეტანილი პროექტი „გიორგი ცაბაძე 90“ არ არის მხარდაჭერილი.
ამასთან დაკავშირებით კახა ცაბაძე აცხადებს:
„საიუბილეო საღამოზე იგეგმებოდა გიორგი ცაბაძის 15 უცნობი სიმღერის შესრულება, რაც მჯერა, რომ კულტურის მინისტრისთვის შეიძლება არა, მაგრამ საზოგადოებისათვის განსაკუთრებულად საინტერესო უნდა იყოს.
ეს არ არის ქართული პროფესიული მუსიკისადმი კულტურის მინისტრის უპატივცემულო დამოკიდებულების პირველი პრეცედენტი. უგულებელყოფილია კომპოზიტორთა კავშირის მიერ წარდგენილი არაერთი პროექტი, მათ შორის ზაქარია ფალიაშვილისა და ოთარ თაქთაქიშვილის ოპერების კლავირების გამოცემა, უცხოეთთან გაცვლითი კონცერტების ხელშეწყობა. კულტურის სამინისტრომ გააუქმა ადრე დაწესებული პრემიები კომპოზიტორთათვის - „წლის საუკეთესო ნაწარმოები“ და მუსიკისმცოდნეთათვის „წლის საუკეთესო ნაშრომი“. დღემდე გაურკვეველია მუსიკალურ სამყაროში მოთხოვნადი ჟურნალ „მუსიკის“ ბედი.