„ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ბატონი პიტერ ჰაგენი საქართველოში იმყოფება. პიტერ ჰაგენთან ერთად საქართველოს ასევე ესტუმრნენ „ირაოსა“ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარეები - ბატონები მარტინ ზიმჰანდლი და ვალთერ ლეონჰარცბერგერი.
24 აპრილს პიტერ ჰაგენი და მისი თანმხლები პირები შეხვდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. შეხვედრაზე მიმოიხილეს ქვეყნის სადაზღვევო ბაზრის განვითარების პერსპექტივები, ჩასატერებელი რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების საკითები, კერძოდ: საპენსიო რეფორმის განვითარება, ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი, სადაზღვევო კომპანიების ანგარიშვალდებულებისა და სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობისა და საიმედოობის გაზრდა.
პიტერ ჰაგენი, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ პირადად მომეცა საშუალება ჩამოვსულიყავი ამ შესანიშნავ ქვეყანაში და გამეცნო ჩვენი კომპანიების თანაშრომლები. ასევე სასიხარულოა, რომ ვენის სადაზღვევო ჯგუფი 2014 წლის მონაცემებით საქართველოში პირველ ადგილზეა. ვენის სადაზღვევო ჯგუფს გრძელვადიანი სტრატეგია აქვს საქართველოში და რეგიონში, და სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული სადაზღვევო ბაზრის განვითარების პერსპექტივებით. უაღრესად კმაყოფილი ვარ ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრით და დიდი იმედი მაქვს, რომ ის გეგმები და რეფორმები, რომელზეც ვისაუბრეთ, განხორციელდება უახლოეს მომავალში. ეს ხელს შეუწყობს პირველ რიგში, სადაზღვევო ბაზრისა და ქართული ეკონომიკის განვითარებას. ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ქართული კომპანიების განვითარებას და ახალი პროექტების დანერგვას“.
პიტერ ჰაგენის განცხადებით, ადგილობრივ სადაზღევო ბაზარზე ახლა მთავარი გამოწვევაა საკანონდებლო და სხვა სახის რეფორმები - „სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობისა და საიმედოობის ზრდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია“.
„ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორის პაატა ლომაძე კი აღნიშნავს: „ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ზოგადად - საქართველოს სადაზღვევო ბაზრისთვისაც, რადგან ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ევროპის წამყვანი სადაზღვევო ჯგუფის დიდ ინტერესს საქართველოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო პოტენციალის მიმართ“.
„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ფლობს და მართავს 50 სადაზღვევო კომპანიას ევროპის 25 ქვეყანაში. „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ საქმიანობა კონცენტრირებულია ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებზე. 2014 წელს ჯგუფის მიერ მოზიდული პრემიის მაჩვენებელმა 9, 370 მილიარდი ევრო შეადგინა.
საქართველოში „ვენის სადაზღვევო ჯგუფ“-ს ორი წევრი კომპანია ჰყავს - „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „ირაო“. ჯგუფის წილი ქვეყნის სადაზღვევო ბაზარზე ჯამში 31%-ია და პირველ ადგილზეა მოზიდული პრემიის მიხედვით. „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთადერთი საერთაშორისო კომპანიაა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, უმაღლესი რეიტინგითა (A+) და საინვესტიციო პოტენციალით.
„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორია საქართველოში - 2010-2011 წწ. ჯგუფის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით ქვეყანაში ინვესტირებულ იქნა 55 მილიონი ლარი, რომელიც ჰოსპიტალური ქსელის განვითარებას მოხმარდა. 16 კლინიკა საქართველოს 16 რეგიონში ექსპლუატაციაში 2011 წელს შევიდა და ამჟამად 618 საწოლს ემსახურება. კლინიკების ქსელს მართავს ჯგუფის შვილობილი კომპანია „ჯეოჰოსპიტალსი“, რომელიც ჰოსპიტალურ მომსახურებასთან ერთად, 8 ამბულატორიული კლინიკის მფლობელიცაა რეგიონებში.