საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის , რომლის პენიტენციური სისტემა ჯანდაცვის დამტკიცებული სტანდარტით იხელმძღვანელებს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტი დაამტკიცა. დღეიდან საქართველოს პენიტენციური სისტემა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ერთ-ერთი პირველია აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, რომელსაც პენიტენციური ჯანდაცვის დამტკიცებული სტანდარტი აქვს.
სტანდარტში ის სავალდებულო მომსახურებებია გაწერილი, რომელსაც სახელმწიფო პატიმრობაში მყოფ პირს მიაწვდის.
აღნიშნული უზრუნველყოფს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო სერვისების მიწოდების მდგრადობას, ხარისხის განვითარებაზე ზრუნვას, მომსახურების ეფექტურ მონიტორინგს და ამ მიმართულებით სახელმწიფო ხარჯების რაციონალურ გამოყენებას.
მოცემული სტანდარტით, დაწესებულებაში მოხვედრამდე ბრალდებული და მსჯავრდებული პირები სრულ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. მათი ინდივიდუალური რისკების შეფასების საფუძველზე, დაიგეგმება რუტინული პრევენციული/სკრინინგული გამოკვლევები არაგადამდებ და გადამდებ დაავადებებზე. (საგულისმოა, რომ რუტინულ სამედიცინო შემოწმებას ყველა პატიმარი სულ მცირე წელიწადში ერთხელ გაივლის:არასრულწლოვანი პირები - სულ მცირე წელიწადში ორჯერ;50 წლამდე პირები - წელიწადში ერთხელ;51 წლის და მეტი - წელიწადში ორჯერ.)
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრისთანავე პირს შეეთავაზება კონსულტაცია და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები შემდეგი გადამდები დაავადებების გამოსავლენად: აივ-ინფექცია/შიდსი, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, ათაშანგი. დიაგნოზის დადასტურების სემთხვევაში შეეთავაზებათ მკურნალობა.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სტანდარტი დეტალურად განსაზღვრავს იმ მიმართულებებსაც, რომლებიც პატიმრებს არ დაუფინანსდებათ.
ეს იქნება ერთგვარი ამოსავალი სახელმძღვანელო , რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში სამედიცინო პერსონალსა და პაციენტს შორის უფლება-მოვალეობებს დაარეგულირებს .
პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის დამტკიცება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას და შესაბამისად, მისცემს მათ შესაძლებლობას უკეთ დაიცვან თავიანთი უფლებები ჯანდაცვის სფეროში. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ მოცემული დოკუმენტი სისტემის სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვის სამართლებრივ საფუძველსაც იძლევა.
სტანდარტის დოკუმენტი საქართველოს პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინიტროსა და ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის -- „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ თანამშრომლების ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად შემუშავდა და მასში სრულადაა ასახულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და წითელი ჯვრის კომიტეტის რეკომენდაციები.
პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის შემუშავება წარმატებულ ნაბიჯად შეაფასა ავსტრიის იუსტიციის მრჩეველმა, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორმა და ციხის ჯანდაცვის სფეროში ევროპის საბჭოს ექსპერტმა, იორგ პონტმა. მისი თქმით, ბევრ ქვეყანას საერთოდ არ გააჩნია პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტი და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ მიმართულებით წარმატებულად მუშაობს: „საქართველოს მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ პენიტენციური ჯანდაცვა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული“.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტთან ერთად მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საბაზისო მედიკამენტების გაუმჯობესებული ნუსხაც დაამტკიცა. მოცემული დოკუმენტით იმ მედიკამენტების ჩამონათვალი განისაზღვრა, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში, პატიმრები სახელმწიფოს ხარჯზე იქნებიან უზრუნველყოფილნი.