გაზეთი „ახალი თაობა“ სტატიაში „რომელ უწყებას გადასცემს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ათონელის რეზიდენციას?“ წერს, რომ შენობაზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებით, ნებართვა გასცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი „ახალ თაობასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიამ“ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის მშენებლობა და რემონტი უკვე დაასრულა. შენობაზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებით, ნებართვა გასცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, ამის შემდეგ კი განსაკარგად ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. შენობა გარემონტდა როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის, ასევე მისი ადმინისტრაციისთვის. რეზიდენცია პერსონალურ სამუშაო ოფისად, ასევე უმაღლესი რანგის დელეგაციების მიღებისთვის არის გათვლილი.
რაც შეეხება რეზიდენციის მშენებლობაზე დახარჯულ თანხას, "ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის" მონაცემებით, საბოლოო ციფრი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა წინასწარი გათვლებით, დახარჯული თანხა 26 მილიონ ლარს აჭარბებს.
„მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა, პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში პრეზიდენტი გადასულიყო. არჩევნების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის სურვილით და ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააგრძელა შენობის რემონტი და მას მიენიჭა პრეზიდენტის რეზიდენციის სტატუსი.
ცქიტიშვილი აღნიშნავს,რომ რეზიდენციის დაგეგმარების პროცესში ჩართულები იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გაგრძელდა მუშაობა, თუმცა შემდეგ, პრეზიდენტმა რეზიდენციაში გადასვლაზე უარი განაცხადა.
ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობა თავიდანვე გათვალისწინებული იყო ქვეყნის პირველი პირისთვის-პრემიერისთვის, სხვადასხვა საპროტოკოლო ღონისძიებებისა და სტუმრების მიღებისთვის“,- წერს „ახალი თაობა“