აფეთქებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

აფეთქებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

გლდანის რაიონის გამგეობის ძალისხმევით დემონტაჟი უტარდება  გლდანის მე2 მ/რ-ის 25-ე კორპუსის მე-8 და მე-9 სართულებს, რომელიც 12 აპრილს გამთენიისას გაზის ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა. აფეთქების  მიზეზად  გაზის გაჟონვა დასახელდა. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე მოხდა, რის შედეგადაც სახლი ჩაინგრა და მერვე სართულზე მცხოვრები 65 წლის ზოია კალანდარიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნულ  ბინაში ცოლ-ქმარი ქირით ცხოვრობდა. მამაკაცი დღემდე საავადმყოფოში იმყოფება.

ჩანგრეულია კორპუსის ბოლო სართულის ჭერი, რომელიც გადახურული იყო  რბილი შეთავსებული სახურავით.  აგრეთვე ჩანგრეულია მ-8 და მე-9 სართულებს შორის გადახურვის  რკინა-ბეტონის ფილები. ჩამოშლილია  ზემო სართულების კიბის მარშები და ბაქანი, ლიფტის შახტა. საერთო წყობიდან  გამოვარდა გარეთა საყრდენი კედლის ბეტონის პანელი. აგლეჯილია პარაპეტი და მასზე დამაგრებული თუნუქის ქუდი.  დაზიანებული და მწყობრიდან გამოსულია საკომუნიკაციო ყველა საშუალება. მეზობელი კორპუსში  ჩაემსხვრეულია  ფანჯრის მინები.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით გამგეობა დაჩქარებული წესით ატარებს გამაგრების წინმსწრებ სამუშაოების ღონისძიებებს. მოსახლეობა ევაკუირებულია. ამწეკრანი დილიდან მუშაობს და 25-ე კორპუსს ნანგრევებისგან ათავისუფლებს. შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, აღდგენითი სამუშაოები დაზიანებული სართულების მოხსნისთანავე დაიწყება.

გლდანის რაიონის გამგეობა და გამგებელი ბესიკ ქარცივაძე ყველა ღონეს ხმარობენ, რათა მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.