20 ათასამდე ლარის მოგების შანსი – „თიბისი ფეის“ გათამაშება 30 ივნისამდე გაგრძელდება

20 ათასამდე ლარის მოგების შანსი – „თიბისი ფეის“ გათამაშება 30 ივნისამდე გაგრძელდება

„20 ათასი, 10 ათასი, 5 ათასი და სხვა ოდენობის ფულადი პრიზი ან მობილურ ტელეფონზე სასაუბრო დროის გარკვეული ლიმიტი – „თიბისი ბანკმა“ სწრაფი გადახდის აპარატების მომხმარებლებისთვის გათამაშება დაიწყო. 15 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, სულ 5 ათასი ადამიანი დასაჩუქრდება.

საჩუქრის მიღების შანსი კი ყველა იმ მომხმარებელს ეძლევა, რომელიც „თიბისი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატებით რამე ტიპის ტრანზაქციას განახორციელებს. მოგებული თანხის განაღდება „თიბისი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში მოგებიდან 30 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

„ჩვენი ბანკი სწრაფი გადახდის აპარატების ყველაზე დიდ ქსელს ფლობს საქართველოში – ბოლო პერიოდში გავაორმაგეთ აპარატების რაოდენობა და დღეისთვის საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებს უკვე 2600 აპარატი ემსახურება“,– აცხადებენ „თიბისი ბანკში“ და აღნიშნავენ, რომ გათამაშებასთან ერთად მომხმარებელს გაუმჯობესებულ სერვისებსაც სთავაზობენ, რაც ტერმინალების სისწრაფის გაუმჯობესებასა და გადახდის აპარატების მენიუს დიზაინის დახვეწაში გამოიხატება.

„მომხმარებელი ნებისმიერი ტრანზაქციისა და საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის იდენტიფიკაციის შემდეგ მომენტალურად იგებს, არის თუ არა გამარჯვებული, შემდეგ კი ბანკის ნებისმიერ ფილიალში იღბს თანხას“,– განმარტავს „თიბისი ბანკის“ მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე.

უახლოეს პერიოდში მომხმარებლებს „თიბისი ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებით ოპერაციების განხორციელება ეროვნული ვალუტის გარდა დოლარსა და ევროშიც შეეძლებათ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტი შეგვექმნა – ეს არის ვიზუალი, სისწრაფე, განახლებული ინტერფეისი, ევროსა და დოლარით გადახდების განხორციელება. წამახალისებელი გათამაშებით კი გვსურს გავახაროთ ათასობით ადამიანი“,– განუცხადა for.ge–ს „თიბისი ფეის“ დირექტორმა დავით კენჭაძემ.

მისივე განმარტებით, დღეს სწრაფი გადახდის აპარატებით განხორციელებული ოპერაციების დროს საკომისო გადასახადი მხოლოდ თბილისში მოქმედებს, რეგიონებში კი ნულოვანი ტარიფია. დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისში მოქმედი საკომისიო გადასახადის განაკვეთი არ იცვლება, ზოგადად, კი ბიზნესში ცვლილებები მუდმივი პროცესია და პერიოდულად ყველა საკითხი ბაზრის პრინციპების გათვალისწინებით გადაიხედება.

სწრაფი გადახდის აპარატების ქსელის გაფართოებასა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით „თიბისი ბანკმა“ 12,6 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.