დღეს, ფოთში, მალთაყვის ჩასახლებაში და ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში 15 დევნილი ოჯახისთვის ბინები ფარული კენჭისყრით განაწილდა.
ბინების განაწილების პროცედურას დევნილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ნარსია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ფოთის მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები.
კენჭისყრის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ, მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
განაწილებული 15 ბინიდან 7 ერთოთახიანი და 8 ოროთახიანია. ბინის მისაღებად განაცხადი 40 - მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 15 ოჯახი შეირჩა.