პატრიარქმა ჯანდაცვის მინისტრს და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა

პატრიარქმა ჯანდაცვის მინისტრს და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოსა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ Global Alliance for Health and Social Compact-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებას და ჯანდაცვის თვისობრივად ახალი ინოვაციური მოდელის შექმნას.

პატრიარქმა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს და ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა ახალი ინოვაციური პროექტის წამოწყებისთვის.

„თქვენი დახმარებით კიდევ უფრო ამაღლდება სამედიცინო მომსახურეობა ჩვენი ხალხისა. ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება თქვენი მხრიდან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და თქვენი შემწე. მადლობელი ვართ, რომ მობრძანდით ჩვენთან,“ - ბრძანა პატრიარქმა.

გაეროს აივ/შიდისის გაერთიანებული პროგრამის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯგუფის კოორდინატორმა ჟან-ელი-მალკინმა საქართველოს პატრიარქს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის. 

„ჩვენთვის დიდი პატივია ქვეყნის პატრიარქთან შეხვედრა. ჩვენ ყველას მოგვეცა შესაძლებლობა ეს საკითხები თქვენთან ერთად, თქვენს ნავსაყუდელში განგვეხილა. ეს ადასტურებს თქვენს თავდადებას ქვეყნის მოსახლეობისადმი და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ვიზიტი საპატრიარქოში  ხაზს უსვამს, რომ პროექტი მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება“

პატრიარქთან შეხვედრაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მისი უწყება და უცხოელი კოლეგები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს თითეულმა მოქალაქემ მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და უმაღლესი ღირებულება - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. შესაბამისად, ჩვენი სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  მაღალი ხარისხის მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ჩემი უცხოელი კოლეგები და პარტნიორები მზად არიან დახმარება გაუწიონ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ეფექტური და მაღალი დონის მომსახურება და მკურნალობა შევთავაზოთ ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

შეხვედრის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა სტუმრები დალოცა, ბაღი დაათვალიერებინა და მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.