„საბა კონსტრაქშენმა“ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 ბინიანი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ ახალი უბანი ქალაქში 27 620 კვ/მ ფართობზე გაშენდება.
„მშენებლობისას გამოყენებული იქნება ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, კანალიზაციის, წყალსადენისა და ელექტრომომარაგების ხაზები. დასაგეგმარებელ უბანზე მიღებული იქნება ქუთაისისთვის დამახასიათებელი მართკუთხედის ფორმის რამდენიმე მიკროუბანი, რომელიც სამომავლოდ, საცხოვრებელ უბანს შექმნის. თითოეული მიკროუბანი რამდენიმე 16 სართულიანი სახლისგან შედგება, რომელთა პერიმეტრული განლაგება მკვეთრ ზღვარს შექმნის ქუჩის სივრცესა და შიდა ეზოებს შორის,“ - პროექტის დეტალებზე საუბრობს „საბა კონსტრაქშენის“ ხელმძღვანელი ლევან თარგამაძე.
პროექტში, ასევე, გათვალისწინებული და განსაზღვრულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა და ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილებიც.
აღნიშნულ პროექტს შპს „საბა კონსტრაქშენი“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, სამშენებლო კომპანიას რამდენიმე მსხვილი ობიექტი აქვს დასრულებული და, ამ ეტაპზე, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ „საბა კონსტრაქშენმა“ თბილისში, ლისის ტბის ფერდობზე 300 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა უკვე დაიწყო. აღნიშნულ პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, ახორციელებს. ლისის ტბის ფერდობზე სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება სტუდენტებისათვის, ასევე ადმინისტრაციული შენობა, სადაც 150 სტუდენტზე ერთდროული მომსახურებისათვის გათვლილი კაფეტერია განთავსდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 5 250 777 ლარს შეადგენს. 300 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. პროექტის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
სამშენებლო კომპანია "საბა კონსტრაქშენი" შეიქმნა 2012 წლის აპრილში. კომპანიის მისიაა დააკმაყოფილოს ყველაზე ამბიციური დამკვეთის მოთხოვნა, შეუქმნას მათ ცხოვრებისა და ბიზნესის წარმოების უსაფრთხო გარემო და, მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის დროს კომპანია აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე და უახლეს სამშენებლო მასალებზე.
კომპანიის მიზანია უმოკლეს დროში მოიპოვოს პირველობა სამშენებლო ბაზარზე. სწორედ ამიტომ, თანმიმდევრულად გეგმავს თავისი სამუშაო არეალის გაფართოებას და, შესაბამისად, კომპანიის დინამიურ განვითარებას.