სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას აღწერს, საუბარია სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ არსებით პოზიტიურ ცვლილებებზე.
ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველი მიესალმება იმ ფაქტს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პარლამენტში განსახილველად წარდგენილ პროექტს დაუმატა შესაბამისი დებულება, რომელიც სახალხო დამცველს/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფოტო გადაღების უფლებამოსილებას ანიჭებს.
საქართველოს სახალხო დამცველი ცალსახად წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასებისა და პერიოდული გადაფასების სისტემის შემოღებას და საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ მულტიდისციპლინური გუნდის ან მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლების ბრძანებით განმტკიცებას.
უჩა ნანუაშვილი დადებითად აფასებს პატიმრობის კოდექსში შესულ ცვლილებებს, კერძოდ:
უსაფრთხოების რისკის მიხედვით სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაიყოფა 4 ტიპის დაწესებულებად: დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
პატიმრობის კოდექსში გაზიარებულია და ასახულია იმ შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც სახალხო დამცველმა სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ კანონპროექტზე წარმოადგინა.
პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლში შესული ცვლილების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეთ ხანმოკლე პაემნის უფლება იმ პირებთან, რომლებიც გათვალისწინებულნი არ არიან ამავე მუხლის მეორე ნაწილით.
სახალხო დამცველი ანგარიშში საუბრობს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს პატიმართა საცხოვრებელი პირობები:
გარემონტდა სასჯელაღსრულების N 16 დაწესებულება;
გაიხსნა სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო. განახლდა ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი, რამაც გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა;
სასჯელაღსრულების რიგ დაწესებულებებში ფიზიკური გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა გაუმჯობესდა;
სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში მოეწყო ხანგრძლივი პაემნებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი საცხოვრებელი კორპუსი, ფუნქციონირება დაიწყო ცენტრალური გათბობის სისტემამ;
სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებაში, რეკომენდაციის საფუძველზე, სამზარეულოს სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა და ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები:
პენიტენციური ჯანდაცვის გაზრდილმა დაფინანსებამ შესაძლებელი გახადა სამედიცინო პერსონალის ხელფასების გაზრდა და პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ყველა დაწესებულებაში;
დაიწყო ც ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა;
დასრულდა პენიტენციური ჯანდაცვის 18-თვიანი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს;
ევროსაბჭოს ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა 2014-2017 წლების პენიტენციური
ჯანდაცვის განვითარების სტრატეგია;
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამმართველო თავად ცდილობს გამოავლინოს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარვეზები, რაც 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში ერთ-ერთ რეკომენდაციად იყო მოცემული.
სახალხო დამცველი მიესალმება პენიტენციური რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებულ ინიციატივას, რომელიც დინამიკური უსაფრთხოების კონცეფციას ასახავს და განსაკუთრებულ ყურადღებას სარეაბილიტაციო პროგრამების გაძლიერებას უთმობს. ასევე, დადებითად აფასებს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინიციატივას, დარეგულირდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის საკითხი.
სარეაბილიტაციო პროგრამებთნ დაკავშირებით, ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ დაწესებულებებში პროგრამები ხორციელდება, როგორც დაწესებულების სოციალური სამსახურის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. საანგარიშო პერიოდში პატიმრების უმეტესობა ჩართული იყო ხეზე კვეთის, ფეხბურთისა და რაგბის წრეში. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვა სახელობო კურსებშიც, პატიმართა წარმატებული რესოციალიცაზიიც ხელშეწყობისთვის დაწესებულებებში სხვადასხვა სახის ღონისძიებებიც იმართება.
ანგარიშში ხაზგასმულია ის სწავლებები, რომლებსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ატარებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დასაქმებულ პატიმართა რაოდენობა არსებითადაა გაზრდილი.
უჩა ნანუაშვილი დადებითად აფასებს ქალი პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლების მზარდ პრაქტიკასაც.