ამომრჩევლებთან გამართულ ხალხმრავალ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. გამოსვლის დასრულების შემდეგ მან მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა. კოალიციის ლიდერი პედაგოგებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მოგონილ ცილისწამების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სრული სიცრუეა, რასაც ხელისუფლება მისი მისამართით აცხადებს.
„ყოველთვის ვამბობ, რომ ქედს ვიხრი პედაგოგების წინაშე. ისინი წლების მანძილზე უხელფასოდ ზრდიდნენ ჩვენს შვილებს და დღესაც მხოლოდ და მხოლოდ სამადლობელი სიტყვა ითქმის მათი მისამართით. მაგრამ, ის, რაც ჩემს სატელევიზიო გამოსვლაში ვთქვი, მე კვლავაც გავიმეორებ: ხელისუფლება ცდილობს სიცრუის მანქანაში ჩაითრიოს პედაგოგები. მე მოვუწოდებ მათ- არ მიიღონ მონაწილეობა სიყალბეში, არ მიიღონ მონაწილეობა ხმების გაყალბებაში,"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.