სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებას ესტუმრნენ.
მინისტრებმა დაწესებულების ბიბლიოთეკა დაათვალიერეს და მსჯავრდებულებს საჩუქრად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და „ინტელექტის“ მიერ გამოცემული წიგნები გადასცეს.
მიხეილ გიორგაძის განცხადებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების ბიბლიოთეკას 600-მდე წიგნი გადასცა და მსჯავრდებულების მხარდაჭერას ისინი მომავალშიც გააგრძელებენ: „ ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია. ჩვენ სხვადასხვა ინიციატივებით მივმართავთ ჩვენს კოლეგებს და იმ შინაგანაწესის გათვალისწინებით, რომელიც ამ დაწესებულებებში მოქმედებს, მსჯავრდებულებს ახალ და საინტერესო ღონისძიებებს შევთავაზებთ“.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კულტურის მინისტრს მადლობა გადაუხადა და მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „სასჯელაღსრულების სამინისტრო, პირადად მე და ჩემი მეგობრები მაქსიმუმს ვაკეთებთ დაწესებულებებში სარეაბილიტაციო პროგრამების გაძლიერებისთვის. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკების განახლებაზე და მიხარია, რომ ამ პროცესში მხარს ჩემი კოლეგებიც მიჭერენ. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ მიხეილს. მსგავსი ვიზიტები, გარდა საჩუქრებისა, მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ მსჯავრდებულები ნათლად გრძნობენ მხარდაჭერასა და თანადგომას საზოგადოებისგან, რაც რესოციალიზაციის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს და წარმატებულს ხდის“.
პატიმრებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს, საკუთარი ლექსები წაუკითხეს და საჩუქრად მათი დამზადებული ხატები გადასცეს.