საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი 2014 წლის 17 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გიწვევთ, პოეტ ანა კალანდაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეზე.
“სანთელი ჩემი მაინც წმინდა და მშვიდად იწვის, კანდელი ჩემი არც ზღვა მობერვით ქრება! 1994 წელი.
ქართული პოეზიის დედოფლად წოდებული ანა კალანდაძის საიუბილეო საღამოზე მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა ელის. რუსთაველის თეატრის ფოიეში გაიმართება სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილი წიგნების – “ანა” (ხუთასი გამორჩეული ლექსი) და “ანას” (ცნობილ ქართველ მეცნიერთა ლიტერატურული წერილები პოეტის პოეზიის შესახებ) – პრეზენტაცია. გარდა ამისა, საიუბილეო საღამოში მონაწილეობენ მსახიობები: ია სუხიტაშვილი, მარინა ჯანაშია, ზვიად დოლიძე; ანსამბლები – “ქართული ხმები” და “ფორტე”, მაყურებელი გაიცნობს 6 წლის პატარა ანა კალანდაძეს, რომელიც თავისი დიდედის ლექსებს წაიკითხავს; საღამოს რეჟისორია საქართველოს სახალხო არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე - გოგი ქავთარაძე.
დიდი ქართველი პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი – ანა კალანდაძე, სიცოცხლეშივე იყო ქართული პოეზიის კლასიკოსად აღიარებული. ქართველი ერი, მას დიდი სიყვარულის ნიშნად, მხოლოდ სახელით მოიხსენიებს, რისი პატივიც რჩეულთა შორის მხოლოდ რამდენიმეს ერგო. ანა კალანდაძე 1924 წლის 15 დეკემბერს სოფელ ხიდისთავში (ჩოხატაურის რაიონი) დაიბადა. ანამ დაწყებითი და საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო, ხოლო – 1941-1946 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ანამ პირველი ლექსი - “ბადრი მთვარე” - 11 წლისამ დაწერა, უკანასკნელი – ოთხმოცს გადაცილებულმა. მისმა დიდმა ნიჭმა და განსაკუთრებულმა პოეტურმა შთაგონებამ პირველი ლექსებითვე დაატყვევა ქართველი მკითხველი. მან მაშინვე ამოიცნო თვითმყოფადი ხმა, რომელსაც თვისებრივად ახალი შეგრძნებები მოჰქონდა XX საუკუნის ქართულ პოეზიაში. მკითხველმა იგრძნო, რომ მის წინაშეა ინდივიდუალობით გამორჩეული ახალგაზრდა შემოქმედი, რომელსაც თავის თანამედროვეებთან უშუალო და გულში ჩამწვდომი საუბარი სურს მშვენიერებაზე, სიყვარულზე, გარდაუვალ სულიერ ფასეულობებზე...
ანა კალანდაძე ორ ათეულზე მეტი პოეტური კრებულის ავტორია. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ესტონურ, პოლონურ, უნგრულ, სლოვაკურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ნორვეგიულ ენებზე. თავად ანას ნათარგმნი აქვს მალარმეს, პუშკინის, ბელა ახმადულინას, კოსტა ხეთაგუროვისა და სხვათა პოეზიის ნიმუშები. 1993 წლის 18 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებამ ანა კალანდაძე მისი უდიდესი დამსახურებისათვის ქართული კულტურის წინაშე აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) აირჩია. 1994 წელს იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით – “ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, დიდი საზოგადოებრივი ღვაწლისა და მოქალაქეობრივი თავდადებისთვის”. ანა კალანდაძეს მიღებული აქვს ქართველ მწერალთათვის განკუთვნილი უმაღლესი ჯილდოები: 1981 წელს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ხოლო 1985 წელს იგი ხდება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1993 წელს ანა კალანდაძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
უსაზღვროა ქართველი ხალხის სიყვარული ჭეშმარიტად ეროვნული პოეტის მიმართ. ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ღვთით მომადლებულ საკუთარ ნიჭიერებას, რადგან იგი მოვალედ გრძნობდა თავს მშობლიური ქვეყნისა და მისი მდიდარი კულტურის წინაშე, საყოველთაო მოწონების, სიყვარულისა და თაყვანისცემის ღირსია, ყველაფერი საკეთესო ალალი იყო ანაზე, როგორც ეს მისმა მასწავლებელმა არნოლდ ჩიქობავამ ბრძანა.