უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა რექტორმა, ლაშა გოცირიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ აგრარული უნივერსიტეტი, განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უმაღლესი სასწავლებელია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და გახდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები. ამ მხრივ, ვფიქრობ, ერთ-ერთ მიმართულებად განვიხილოთ მათი აქტიური ჩართვა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის განხორცილებეულ ხელშემწყობ, მათ შორის დარგობრივ და რეგიონულ, პროექტებში. ჩვენ აღვადგინეთ სტაჟირების პრაქტიკა; უცხოელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ გაცვლითი პროგრამების ამოქმედების მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება აგრარული დარგის კვალიფიციური კადრები, რომლებმაც დარგის განვითარებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
აგრარული უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, შეხვედრამ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საშუალება მისცა პირადად მინისტრისგან და სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან მოესმინათ აგრარული დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე.